კახა გოგოლაშვილი - პრემიერის მიერ ევროპაში გაკეთებული განცხადებები, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მგონია, არ არის დიპლომატიური თვალსაზრისით სწორი - სჯობს თქვა - ვიცით, რომ გვაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ვიცით როგორ უნდა გამოვასწოროთ

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპაში გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მგონია, რომ ეს არ არის დიპლომატიური თვალსაზრისით სწორი, რადგან ყველამ კარგად იცის რას გვედავება ევროპა, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

გოგოლაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთესია განაცხადო, რომ შენს ქვეყანას აქვს ნაკლოვანებები და მათ გამოსწორებაზე იმუშავებ.

„ბევრად სჯობს თქვა - „ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ასევე ვიცით როგორ უნდა გამოვასწოროთ ისინი“. ასეთი ფორმულა ბევრად უფრო მისაღებია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ის ბევრად უფრო დამაჯერებელია და ნდობის ხარისხსაც გაზრდის, ვიდრე გამოდიხარ და ამბობ „ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და ახლა თქვენზეა“.

გეოპოლიტიკის გათვალისწინებით, ასე ნაჩქარევად ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაზეც რამდენიმე თვის წინ არ ყოფილა მსჯელობა, ძალიან რთულია. ევროკავშირი 27 ქვეყნისგან შედგება, ყველა მათგანს თავისი ინტერესი და შეხედულებები გააჩნია - მნიშვნელობა არამხოლოდ მთავრობების შეხედულებებს აქვს, არამედ მოსახლეობა როგორ უყურებს ამ საკითხს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდება.

„არა მგონია, რომ ჩვენთან ვინმემ იცოდეს ზუსტად რა მოხდება საქართველოსთან დაკავშირებით. შეიძლება თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ზუსტად არ იციან ბოლოს რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. რა ვარიანტიც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე ავალთ ევროკავშირთან ურთიერთობები.

აქამდე ვიყავით ასოცირების შეთანხმების რეჟიმში, რომელშიც არსად იყო ნახსენები ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან არ იყო აღიარებული ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ თუ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, როგორც მინიმუმ, იქნება ნათქვამი, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ ევროკავშირის წევრობას და იღებენ ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ ეს ქვეყნები უნდა მიიღონ ევროკავშირში, მაგრამ როდის და როგორ, არ არის ნათქვამი. ამის შემდეგ უნდა გახდე კანდიდატი, რათა გაწევრიანების ოფიციალური პროცედურა დაიწყოს. ეს არის მინიმუმი. ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ და სწრაფად გვიყვარს საქმის გავლა. ასეთ ვითარებაშია ჩვენი საზოგადოება დღეს. ვფიქრობ, რომ ასეთი პერსპექტივა პრობლემას არ წარმოადგენს და ჩვენთვის ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.

რაც ძალიან უცნაურია - სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყო ძალიან ზუსტი რეკომენდაციები ჩამოწერილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ დღესვე, თუ გვინდა, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში რაღაც არგუმენტები მივცეთ ევროპულ მხარეს, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებას. ევროკომისიის დასკვნაში რომ დაწერილიყო, საქართველოს აქვს ესა და ეს პრობლემები, მაგრამ მათ უკვე დაიწყეს ამის გადაწყვეტა, ეს ხომ სხვანაირი დასკვნა გამოდის? მაგალითად, ორი კვირის წინ შეიტანეს საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, ვთქვათ, სასამართლო რეფორმაზე, ამ შემთხვევაში უკვე ძნელია დაწერო, რომ ეს არის პრობლემა. ეს პრობლემაა, მაგრამ დაწყებულია მისი გადაწყვეტის პროცესი. ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არცერთი ნაბიჯი ჩანს, რაც არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

როგორც მან ასევე განმარტა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი, რაც საჭირო იყო, ნამდვილად არ გაკეთებულა.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპაში გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მგონია, რომ ეს არ არის დიპლომატიური თვალსაზრისით სწორი, რადგან ყველამ კარგად იცის რას გვედავება ევროპა. ასეთ შემთხვევაში ბევრად სჯობს თქვა - ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა გამოვასწოროთ ისინი. ასეთი ფორმულა ბევრად უფრო მისაღებია ევროპული ისტთაბლიშმენტისთვის და ბევრად უფრო დამაჯერებელია და ნდობის ხარისხს გაზრდის, ვიდრე გამოდიხარ და ამბობ „ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და ახლა თქვენზეა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა