ნათია თურნავა - საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნდობის გამოცხადების საფუძველი იყო ჩემი წინა გამოცდილება - დადებითი წვლილი შემიძლია შევიტანო ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის მეტი კოორდინაციის თვალსაზრისით

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩემდამი ნდობის გამოცხადების საფუძველიც იყო ჩემი წინა გამოცდილება და ამ კუთხით მეც ვხედავ, რომ გაცილებით დადებითი წვლილი შემიძლია შევიტანო ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის მეტი კოორდინაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაცია.

მისი თქმით, კოორდინაციის ნაკლებობა არც აქამდე არსებობდა, თუმცა „ყოველთვის შეიძლება რაღაც კიდევ უფრო უკეთესი სისტემური გახდეს“.

„მე, როგორც წარსულში ამ გუნდის მონაწილე, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ კოორდინაციის ნაკლებობას ვუჩიოდით. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მძიმე გამოწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, მჭიდრო კომუნიკაცია იყო უჩვეულო საფრთხეებთან გამკლავების დროს და ეროვნული ბანკიც ჩართული იყო. თუმცა ყოველთვის შეიძლება რაღაც კიდევ უფრო უკეთესი და სისტემური გავხადოთ და ამაში ვხედავ ჩემს წვლილს, რაც შემიძლია, რომ გავაკეთო. იქნება ეს ანტი ინფლაციური პოლიტიკა, თუ ისეთი რეფორმები, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს, თუნდაც კაპიტალის ბაზრის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, სტარტაპების ეკოსისტემის დანერგვის, „ოფენ ბანკინგის“ დანერგვის შემოღების, შეუძლებელია ამ კომპლექსური საკითხების განვითარება და სწრაფი შედეგების დადება კოორდინაციის გარეშე.

ინფლაციასთან დაკავშირებითაც, თუ ეროვნული ბანკი განახორციელებს ეფექტიან ანტი ინფლაციურ პოლიტიკას, თუმცა პარალელურად არ იქნება ასეთივე ადეკვატური ზომები მიღებული ფისკალური უწყების, დავუშვათ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ან თუ რომელიმე ბაზარზე, ამ ბაზრის ვიწო ნიშაზე არის სხვა ფაქტორები, რომელიც კონკურენციას აბრკოლებს და თავისუფალი ფასწარმოქმნა იზღუდება, ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტს. შესაბამისად, პრაქტიკა დღემდეც იყო და ჩემი მოსვლით, სურვილი მაქვს, ეს პრაქტიკა გაძლიერდეს კიდევ მეტად - ყველაზე დიდ გამოწვევასთან გამკლავების დროს, რასაც ჰქვია ფასების ზრდა, ინფლაცია და ზოგადად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, აუცილებელია კოორდინაცია და ამაში ჩემს წვლილს შევიტან“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე, კითხვაზე, რა არის დაგეგმილი კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, თურნავა ამბობს, რომ ამ მიმართულებით პირველ რიგში აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს განხორციელებაა.

„რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის რეფორმას, პირველი, რაც იქნება, ეს არის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩო. მთავარ გამოწვევას ვხედავ სააქციო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, სასესხო ბაზრები მეტ-ნაკლებად განვითარებულია, რაც შეეხება სააქციო კაპიტალს, აქ ჯერჯერობით პრობლემა გვაქვს, რომელიც გადაილახება გამომდინარე იმ პროექტებიდან, რომელიც დაწყებულია. ეს საკითხი, პირველ რიგში, დაკავშირებულია როგორც სახელმწიფო კომპანიების, ისე კერძო კომპანიების მზადყოფნასთან, მიიღონ მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარში, კაპიტალის ბაზარში, მოიზიდონ დაფინანსება ამ კუთხით. აქცენტი დღემდე კეთდებოდა უფრო სახელმწიფო საწარმოებზე, რადგან უფრო მარტივია მათი კორპორატიზაცია. მაგრამ მე ყოველთვის მწამდა და დღესაც, ჩემი შეხედულებაა, რომ პარალელურად მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს კერძო კომპანიებზე, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადია. ამ კუთხით არის დაწყებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად სხვადასხვა პროექტი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა