გია ცაგარეიშვილი - თუ ევროკავშირი პუტინის წინაშე უკან დაიხევს, ეს სისხლიანი ტალღა ევროპის ქვეყნებამდე მივა - ეს ტალღა ახლა თბილისსა და კიევს ეხეთქება და თუ თბილისი და კიევი წაილეკა, პარიზამდე, ბერლინამდე და ყველა სკეპტიკოსამდე მივა

თუკი ევროკავშირი პუტინის წინაშე უკან დაიხევს, გარწმუნებთ, ეს სისხლიანი ტალღა ძალიან მალე ევროპის ქვეყნებამდე მივა - ეს ტალღა ახლა თბილისსა და კიევს ეხეთქება და თუ თბილისი და კიევი წაილეკა, რა თქმა უნდა, პრაღამდე, ვენამდე, პარიზამდე, ბერლინამდე და ყველა იმ სკეპტიკოსამდე მივა, ვინც აპირებს პუტინისგან იაფი გაზი შეიძინოს, დოლარები და ევროები გაუგზავნოს და მერე ევროპის ხალხი აბომბვინოს და აჟლეტინოს, - აღნიშნული შეფასება პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.

ცაგარეიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებობს გაურკვევლობა, ეკუთვნის თუ არა "ასოცირებულ ტრიოს" ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ცაგარეიშვილის თქმით, ევროპელი კოლეგები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, სამეზობლოსთან გაურკვევლობამ და ჩამოუყალიბებლობამ კი გამოიწვია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

“აგრესორთან და დამპყრობელთან ენის მოჩლექით საუბარი იმაზე ფიქრით, იქნებ როგორმე კონკრეტული ქვეყანა რუსულ აგრესიას გადარჩეს, ბოლოს იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ.

ეს ყველაფერი 2008 წელს საქართველოში მოხდა, როცა ფაქტობრივად, აღმოვჩნდით მარტო, პირდაფჩენილი აგრესორის წინაშე. კარგად მახსოვს, ზოგიერთმა პეკინის ოლიმპიადაც გამოიყენა და გაცხადებული ომის დროს მშვიდობისმყოფელად მოგვევლინა, ოღონდ ეს მშვიდობისმყოფელობა მხოლოდ ჩვენ დაგვაკისრეს და არა რუს აგრესორს. შედეგად მივიღეთ ფაქტობრივად დანგრეული ქვეყანა და ჩვენი მიწების 20%-ის ოკუპაცია. ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან არავითარი რეაქცია არ იყო, თუ თითო-ოროლა ქვეყანას არ ჩავთვლით - ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, პოლონეთს, რუმინეთს და სხვებს. მაშინ ინსტიტუცია, როგორც ევროკავშირი ძალიან ცუდად გამოჩნდა, ამ კრიზისს ვერ გაუძლო, ინსტიტუციურ სიმაღლეზე ვერ იყო, რუსული აგრესია ხმამაღლა არ დაგმო, რასაც ყირიმის ოკუპაცია მოჰყვა. ევროპელებს არც მაშინ ამოუღია ხმა და სამწუხაროდ, ამას უკრაინის ომი მოჰყვა. ურემი გადატრიალდა და გზა გამოჩნდა.

ახლა, როცა ხალხი იხოცება, ადამიანები ფიქრობენ, რა უნდა მივანიჭოთო - ეს იყოს კანდიდატობა, თუ რაღაც კვაზი გაერთიანების შექმნას, სადაც წევრობის მოსურნე ქვეყნებს შერეკავენ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ამ სამ ქვეყანაზე, არამედ ალბანეთზე, სერბეთზე, ბოსნია ჰერცოგოვინაზე და ა.შ. ხელოვნური ბარიერების აღმართვა მაშინ, როცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღო არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, არამედ შენი კავშირის მომავლისთვისაც წარმოუდგენელი რამეა.

ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში დენთის სუნი არ მიუვიდათ?! ეს ვენაში, ბერლინში, პარიზში, რომში, ან ლონდონში არ იგრძნობა?! - მგონი, იგრძნობა, რადგან რვა მილიონი უკრაინელი იქცა დევნილად და თავი შეაფარეს ევროპას. ეს არის გაუგონარი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც ძალას იკრებს და დასასრული არ უჩანს.

კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ განგვიმარტონ, ჩვენგან რა უნდათ! ჩვენ კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებას 2024 წელს ვაპირებდით, მაგრამ ეს პროცესი დავაჩქარეთ, კითხვარი შევავსეთ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ?! - ახლა ჯერი ევროკავშირზე, მათ შორის აშშ-სა და ნატო-ზეა. ისინი ამ გამოწვევას გაუძლებენ, თუ კიდევ უკან დაიხევენ პუტინის წინაშე?! - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა