განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრმა ახალი პარტნიორები შეიძინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ბრიუსელში გამართულ რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიურ კონფერენციაში "User Meeting 2022" მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა რადიაციისა და ონკოლოგიის მიმართულებით არსებული სიახლეები წარმოადგინეს და რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, რომელიც გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანია IBA-ის ორგანიზებით ჩატარდა, მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ ამერიკისა და ევროპის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მათ შორის: ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და პროტონული თერაპიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ რამეშ რენგანთან, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის წამყვან მეცნიერთან, პროფესორ ტონი ვონგთან, მაიამის კიბოს კვლევის ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის სამედიცინო დირექტორთან და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელთან მაიკლ ჩანგთან, MGH-ის პროტონული თერაპიის ტექნიკურ დირექტორთან, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან ბენჯამინ კლასისთან, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის რადიაციული კვლევებისა და ონკოლოგიის ცენტრის დირექტორთან შტეფან პეკთან და ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორთან, იტალიელ პროფესორთან რობერტო ორეკიასთან, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

„მინისტრმა ცნობილ მეცნიერებს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე გაჩნდა.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო თამაშობს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას უზრუნველყოფს. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მინისტრის თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი სწორედ სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო – ერთი მთლიანად სიმსივნის მკურნალობისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მეორე სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.

მიხეილ ჩხენკელთან გამართულ შეხვედრებზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტით წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები დაინტერესდნენ და მზაობა გამოთქვეს, ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

IBA (Ion Beam Applications S.A.) გლობალურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ საერთაშორისო ლიდერ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისათვის ავითარებს და აწარმოებს. პროტონული თერაპია არის რადიაციული თერაპიის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ფორმა და ის სიმსივნის მრავალი სახეობისთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა