ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება - გამოცდების განრიგი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოცდებზე წელს არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და ისინი საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

"რაც შეეხება მაგისტრანტობის კანდიდატებს, მათთვის გამოცდა 26-27 ივლისს ჩატარდება.

2022 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი;

მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა სულ 34 500-ზე მეტი მსურველი (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა - უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა - წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ", - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ამასთან, ბრიფინგზე შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ წელს გაფართოებულია მესამე საგნის არჩევანი და აბიტურიენტებს ისტორიის და მათემატიკის გარდა სხვა საგნების არჩევაც შეუძლიათ.

„ეს არის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ეს საგნები აბიტურიენტებს უკვე არჩეული აქვთ“, - განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, თუკი აბიტურიენტს გამოცდის დღეს კოვიდი დადასტურებული ექნება, ამ შემთხვევაში მისთვის დამატებითი სესია დაინიშნება.

„ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ივლისის თვეში მოგაწვდით. გამოცდის ჩატარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენ აბიტურიენტს დაუდასტურდება კოვიდი და შესაბამისად დავგეგმავთ დამატებით სესიებს“, - განაცხადა გორგოძემ.

გარდა ამისა NAEC-ის ხელმძღვანელმა გამართულ ბრიფინგზე მასწავლებელთა პროფესიული გამოცდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს პედაგოგებს ორი ძირითადი სიახლე დახვდებათ.

"წელს სიახლე გახლავთ ორი ახალი გამოცდა მასწავლებლებისთვის - ერთი ეს არის, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა და აზერბაიჯანული როგორ მშობლიური ენა და სომხური, როგორც მშობლიური ენა. ორივე ტიპის გამოცდა პირველად ტარდება და მათ ამ გამოცდის საფუძველზე საშუალება ექნებათ სტატუსი აიმაღლონ",- განაცხადა გორგოძემ.

იხილეთ გამოცდების განრიგი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა