საერთაშორისო სავაჭრო პალატა - ინვესტორთა საბჭოს პრემიერთან შეხვედრა თეატრალურ წარმოდგენად იქცა - დღეს ჩვენ არ დავესწრებით ინვესტორთა საბჭოს სხდომას, რომელსაც პრემიერი თავმჯდომარეობს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში დღეს, 7 ივნისს დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომას არ დაესწრება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს, უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეზიდენტობის თვითნებური გაუქმების/ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგიდან ბოლო წუთში მოხსნის გამო, რაც უკვე წლებია საქართველოში უცხოური ინვესტიციებისთვის ნომერ პირველი დაბრკოლებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავაჭრო პალატა ავრცელებს.

„ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა თეატრალურ წარმოდგენად იქცა, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება, მსახიობებს ეუბნებიან რა უნდა თქვან, ან არ უნდა თქვან და ყველა პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება მთავრობა გაანაწყენოს, ამოღებულია დღის წესრიგიდან, რათა საკითხის განხილვა არ მოხდეს. წლებია, რეზიდენტობის ნებართვის საკითხი ინვესტორთა საბჭოზე ICC-Georgia-ს მიერ სისტემატურად წამოიჭრება და ყოველთვის, როცა საკითხი დგება, შეხვედრის წინ მისი დღის წესრიგიდან ამოღება ხდება“, - განაცხადა ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

„2013 წლიდან მოყოლებული უცხოელი ინვესტორებისადმი მთავრობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, უცხოური ინვესტიციები საქართველოში სრულ სტაგნაციაშია. უკვე წლებია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახური ბინადრობის ნებართვაზე უამრავ უცხოელ ინვესტორს სისტემატურად ეუბნება უარს, ბინადრობის ნებართვებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თვითნებურად აუქმებს, მას შემდეგ რაც ეს ინვესტორები ინვესტიციებს ქვეყანაში განახორციელებენ, რამაც ბევრი მათგანი აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინა და საკუთარ ინვესტიციებზე უარი ეთქვა.

ამ პრაქტიკამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე საშინელი რეპუტაცია შესძინა და უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ახლა ინვესტიციებისთვის არასანდო და საშიშ ადგილად აღიქვამს. სანამ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის, მანამ საქართველოში ცოტა უცხოური ინვესტიცია იქნება და უმუშევრობის და სიღარიბის დონე მაღალი დარჩება.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას აერთიანებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო