ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას - თქვენ რომ რამე გდომებოდათ, ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან იომებდით - ვერც ერთი გააკეთეთ, ვერც მეორე და აცადეთ ჩვენს პოლიტიკურ ძალას

თქვენ რომ რამე გდომებოდათ, ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო - იომებდით. ვერც ერთი ქენით, ვერც მეორე და აცადეთ იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა და ვინც დღეს ამ ვითარებაში ცდილობს, რომ ქვეყანას ომი ააცილოს და იმ გზაზე გაიყვანოს, სადაც პირველი ის ქართველი დადიოდა, ვინც ფიზიკურად ვერ ეხებოდა იმ ცივილიზაციას, მაგრამ სულიერად, აზრობრივად ამ ცივილიზაციის მომხრე და მშენებელი იყო, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დღევანდელ ვითარებას შეადარონ.

„როგორც ახლა გვეუბნებიან, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს, უნდა დავუწესოთ სანქციები, თურმე ის ადამიანები, ვინც საქართველოში პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა, ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა, ამ ქვეყანას ათასი უბედურება გამოატარა, იმიტომ რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველი გამოეყვანათ, თურმე დღეს ესენი არიან ევროპელები.

შეადარეთ თქვენი კონსტიტუცია და დღევანდელი კონსტიტუცია, შეადარეთ თქვენი სასამართლო სისტემის ინსტიტუციონალური მოწყობა და დღევანდელი, შეადარეთ მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორი იყო და დღევანდელი როგორია, შეადარეთ მაშინდელი საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი, შეადარეთ მაშინდელი მედიამდგომარეობა, ჭურში ჩაშვებული მედია, დაყაჩაღებული საშუალებებით და დღეს 5 წუთში რომ შეგიძლია მედია გახსნა და მედია აქტიურობა აწარმოო. შეადარეთ დღევანდელი საარჩევნო სისტემის შედეგად მიღებული პარლამენტის მრავალფეროვნება და ის პოლიტიკა, რაც თქვენ მთელი ამ წლების განმავლობაში აწარმოეთ, პარლამენტის ბოიკოტის და ქვეყნის საბოტაჟისა. ის, რომ თურმე, დღეს აქ „ალდეს“ რეზოლუცია წყვეტს საქართველოს ბედს, გახდება თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არა ბატონებო!,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა