ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 107-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 107-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი გაჟღერდა.

„მთავარი განხილვის საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ბედი. რაც შეეხება კონსენსუსს - ამაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, როდესაც ჩვენ მათ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანთ, ისე როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებში, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ძალისხმევით უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება მოხერხდა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ 7 უკანონო პატიმარს - დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური დისკუსია გაიმართა. ინდიკატორებზე საუბარი ჯერჯერობით არ მინდა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტენსიური მხარდაჭერით, ვცდილობთ პროგრესს მივაღწიოთ და ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება.

შედგა გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ხაზი გაესვა ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობას, ჩვენ კონტაქტზე ვართ უკანონო დაკავებულთა ოჯახის წევრებთან და, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის შესახებ, ჩვენ მათ ინფორმაციას გავუზიარებთ,“ - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები განიხილეს. მათ შორის, ადგილობრივებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები აღინიშნა.

შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მუშაობის ეფექტური ფუნქციონირების საკითხს ხაზი გაესვა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 23 სექტემბერს ჩაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა