ვარძიაში ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, მსოფლიოს 10 ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

თსუ-ის ინფორმაციით, ქართველებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებმა აშშ-დან, შოტლანდიიდან, ინგლისიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მოზამბიკიდან და სომხეთიდან უახლესი სამეცნიერო არქეოლოგიური კვლევები წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები განიხილეს.

კონფერენციის გახსნას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ვარძიის საერთაშორისო კონფერენციის ცნობადობა მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება.

„საერთაშორისო კონფერენციაზე წელს 30-ზე მეტი მონაწილე ჩამოვიდა. ახალგაზრდა მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს. ეს არის სწრაფი და სწორი გზა მეცნიერებაში თაობათა შორის არსებული ჯაჭვის გაძლიერების“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა კი განაცხადა, რომ მ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზანია, მოამზადოს არა მხოლოდ პრაქტიკოსი არქეოლოგები, არამედ მომავალი მკვლევრები, რომლებიც არქეოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.

„ის, რომ ჩვენს ცვალებად სამყაროში ყოველწლიურად ტარდება ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია, უკვე მეტყველებს ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე. აუცილებელია ვიცოდეთ სადა ვართ, საით მივდივართ, ამისთვის კი უნდა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ, ამ კითხვებზე კი სხვა დარგებთან ერთად პასუხს არქეოლოგია სცემს“, - განაცხადა დეკანმა.

„წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა მესხი განმანათლებლების - ივანე გვარამაძის, მიხეილ თამარაშვილის და პეტრე ხარისჭარაშვილის საქმიანობას. მათ სამხრეთ საქართველოს ურთულეს პერიოდში შეუნარჩუნეს ქართული სული, ქართული განწყობა და პირველად მათ მოუწოდეს აქაურ მოსახლეობას, დაეცვათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, - აღნიშნა თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა.

ვარძიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი უძღვებოდა, რომელიც 13 წელია რაც კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობს.

„ამ კონფერენციას საფუძველი 14 წლის წინ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ერთ აუდიტორიაში ჩაეყარა და მალე ვარძიაში გადმოინაცვლა. იდეა იყო - ქართველი სტუდენტებისთვის მიგვეცა შანსი საკუთარი კვლევების შესახებ ინგლისურად ელაპარაკათ, ეპასუხათ კითხვებისთვის და უკეთ შეესწავლათ არქეოლოგიური ტერმინოლოგია, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანათ საკუთარი კვლევის შედეგები. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ როგორ დაიხვეწნენ და განვითარდნენ ისინი“, - აღნიშნა მაიკლ ვიკერსმა.

„საერთაშორისო კონფერენცია ყველა პერიოდის არქეოლოგიას მოიცავს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისთვის იმსჯელონ არქეოლოგიურ საკითხებზე - ძველი ქვის ხანიდან უახლოეს წარსულამდე პერიოდის არქეოლოგიურ ნაშთებზე საქართველოსა და მსოფლიოში“, - განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ებერჰარდ ზაუერიმ.

დავით ნასყიდაშვილი ჯერ კიდევ თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი იყო, როდესაც ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დღეს ის დოქტორანტურის საფეხურზე სწავლობს, კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და კვლავ აქტიური მონაწილეა.

„მე და ჩემს მეგობრებს ძალიან საჭირო ცოდნა და გამოცდილება მოგვცა ამ კონფერენციამ. წელს გაცილებით მეტი სტუდენტი და მკვლევარი მონაწილეობდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ერთ-ერთია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოწინავედ წარმოაჩენს არქეოლოგიაში არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა თსუ-ის დოქტორანტმა.

ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა