„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს.

საკითხი დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დასვა, სადაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადების საფუძველზე, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

შედეგად “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მეორე მანდატს კარგავს. სულ ოპოზიციის ოთხი საპარლამენტო მანდატი იკარგება (ორი - “ნაციონალური მოძრაობა“, ორი - “ლელო“), რადგან პარლამენტიდან გასულ დეპუტატებს ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში მთავარი პროპორციული წარმომადგენლობაა და ოპოზიცია იმ პროპორციით უნდა იყოს წარმოდგენილი, რა პროპორციითაც ის ამომრჩეველმა აირჩია.

“აქტუალურია დეპუტატთა ადგილმონაცვლეების საკითხი. ხომ არ ფიქრობთ უმრავლესობაში ან ხომ არ შეიძლება მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ადგილმონაცვლეების საკითხი საკანონმდებლო გზით გადავწყვიტოთ. ოპოზიციის მაშინდელი გადაწყვეტილება იმ ვითარებიდან გამომდინარე სხვაგვარი იყო. ახლა აღმოჩნდა, რომ ინიციატივას ჩვენვე ვაყენებთ და ვითხოვთ, რომ ადგილმონაცვლეების საკითხი განსაზღვრული იყოს. ასე შეიძლება იმ ნიშნულამდე მივიდეთ, რითაც დავიწყეთ, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდით. ამ თემაზე კონსულტაციების დაწყება უპრიანი იქნება - იქნებ ამ თემაზე შეხვედრები გავმართოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

“ნაციონალური მოძრაობის“ პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი პირველი რიგში პოლიტიკურია და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ შეიძლება მოიძებნოს სამართლებრივი გადაწყვეტა. ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციისთვის წაყენებული პირობები გაიხსნა.

“პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას ითქვა, მთელ რიგ საკითხებზე პოლიტიკური კონსენსუსი რომ შედგეს, რა პოლიტიკური გზა არის ამისთვის გასავლელი. რაც მალე იქნება ამ პირობებისა და პოლიტიკური კონსენსუსისკენ მისასვლელ გზაზე სვლა, მით ადვილი იქნება მთელ რიგ საკითხებზე საგნობრივი, პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა ბეჟაშვილის პასუხად.

“ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ბეჟაშვილს მიმართა, ჩამოყალიბდნენ, იმყოფებიან თუ არა არალეგიტიმურ პარლამენტში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას, პირველ რიგში კი, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პლენარულ სხდომაზე რამდენჯერმე შემდეგი დათქმითა და პირობით მიმართა: - უარყავით კონცეფცია, რომლის მიხედვით, “ქართული ოცნება“ რუსული პროექტია და აღიარეთ არჩევნების შედეგები! ... პაპუაშვილმა ხაზგასმით რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ორმხრივი შეთანხმება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს