ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის ოფიციალური გახსნიდან ერთი წელი გავიდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის ოფიციალური გახსნიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 2300 რეისსა და 534,165 მგზავრს მოემსახურა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ტერმინალის გაფართოებასთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს თანამშრომლობის შედეგად, ფოტოგრაფმა გიორგი მამასახლისმა საიმიჯო ფოტოები გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტის ძველი ტერმინალის საიმიჯო ფოტოებიც გიორგი მამასახლისს ეკუთვნის.

,,ჩემთვის დიდი გამოცდილება და ამავე დროს, გამოწვევაა მსგავსი მასშტაბური პროექტის საიმიჯო ფოტოების გადაღება. არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან წლებია ვთანამშრომლობ და მიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის საიმიჯო ფოტოების გადაღება კვლავ მე მომანდეს. თანამედროვე, გამორჩეული და განსხვავებული დიზაინის მქონე არქიტექტურული ნამუშევრების გადაღება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი განახლებული აეროპორტის ტერასას, სადაც ტერმინალის რენდერში არსებული ქართული ხალხური ცეკვაც გავაცოცხლეთ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განსხვავებული დიზაინისაა და მისი ტერასა სხვადასხვა ღონისძიებების გადასაღებად შესანიშნავი ლოკაციაა“,-აცხადებს მამასახლისი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების პროექტის ფარგლებში ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის ტერმინალი არსებულს 6-ჯერ აღემატება. გაფართოების შედეგად, განახლებული ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

,,განახლებული ტერმინალის საიმიჯო ფოტო გადაღება ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ- დიზაინი ეკუთვნის, ერთად, ორჯერ დავგეგმეთ: შარშან, როდესაც ოფიციალურად გაიხსნა განახლებული ტერმინალი და ასევე, წელს მაისში, როდესაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა და აეროპორტი როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდებით კიდევ უფრო დაიტვირთა. ჩვენი აეროპორტის ტერმინალი მართლაც გამორჩეული დიზაინის მქონეა. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ანალოგი არ ჰყავს“,-აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ჰოლანდიურ კომპანია UN Studio-ს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა იმუშავა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო. ჰოლანდიელი არქიტექტორების განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.

ფოტო: Nakanimamasakhlisi

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო