თავდაცვის მინისტრი - "დელტა ვებე" წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოუშვებს

ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების მიმართულებით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გზაზე მოთხოვნილი ჯაველინების მეორე პარტიის შესყიდვა გასულ წელს დაკმაყოფილდა.

„აღნიშნული პარტიის მოწოდება მომავალი წლიდან დაიწყება. გარდა ამისა, გაგზავნილია მოთხოვნა ჯაველინის სისტემების მესამე პარტიის შესყიდვაზეც. მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნების შეძენაზე. შერჩეულია კონკრეტული მწარმოებლები და ახლო მომავალში იგეგმება მათი შესყიდვა“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, წლის ბოლომდე უკვე გამოშვებული იქნება ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები.

„თანამედროვე ომებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეალურ დროში ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, იზრდება ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის მნიშვნელობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, მათ შორის მოიერიშე ტაქტიკური სადაზვერვო აპარატების მნიშვნელობა ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებში განსაკუთრებით თვალნათელია.

„ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს "დელტა ვებე" წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების მიმართულებაში საწარმოს ბაზაზე დაგეგმილი სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრი შესაბამისი ინვენტარით კარგად აღიჭურვება და მოემსახურება თავდაცვის ძალებს, როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში.

კანონმდებლებს ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი წარმოების გარდა, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სხვა სიახლეებიც გააცნო.

მისი თქმით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვა.

„ამ მიმართულებით, პარტნიორების დახმარებით შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური კონტრუპილოტო სისტემა ელბიტ-ამერიკის წარმოების, რომელიც მოიცავს როგორც გადამჭერ რადარებს, ასევე ჩამხშობ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, გაფორმდა კონტრაქტი და უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალისტების მომზადება. კომპლექსების მიღებაც დაგეგმილია წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემა ჩაერთვება საჰაერო თვალთვალის ერთიან სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ცის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მინისტრმა.

სიტყვის გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებების შეძენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში შეძენილია ტაქტიკური თერმული სადაზვერვო-სათვალთვალო საშუალებები. წლის ბოლოს/მომავალი წლის დასაწყისში კი, იგეგმება სახმელეთო თვალთვალის რადარების კომპლექტების შეძენა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული და რადიო-სადაზვერვო საშუალებების შეძენასა და არსებული სისტემების განახლებაზე.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს