თავდაცვის მინისტრი - აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველომ  გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ნატოსთან თავსებადობის ზრდა და პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა.

მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველომ ნატოს მადრიდის სამიტზე გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს, რაც მოიცავს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.

მინისტრის განცხადებით, ნატოსთან ურთიერთობები ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შედეგებს დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორები.

„ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი, რომელიც ნატო-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია და მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB Trust Fund) ფარგლებში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მილიონ ევროს ღირებულების ფინანსური რესურსია მობილიზებული.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება საქმიანობა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და როლის გაზრდის მიმართულებით, ასევე, შენარჩუნდება მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობა, რათა ნატო-ს დღის წესრიგში აქტუალურად იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ნატო-ში გაწევრიანებისა და ნატო-ს ღია პოლიტიკის მხარდაჭერის საკითხი.

მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რანგში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ოთხჯერ ესწრებოდა და შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის განხორციელების პროცესში სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში 13 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების პაკეტზე, რომელიც სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის საშუალებების განვითარებას მოხმარდება. მინისტრის განცხადებით, წარმატებით გრძელდება საქართველოს მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გასულ ორ წელიწადში 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80 მილიონი ლარი.

მან აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის სრული რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა და დღეს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატოს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„გარემონტებულია ყველა მოქმედი ყაზარმა, სასადილო, მოეწყო ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა შიდა სივრცე. ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარება.

თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ კუთხით მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა აღნიშნა. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროს მსოფლიო და ევროპულ ლიდერ მწარმოებლებთან ნატოს სტანდარტების ლოჯისტიკური საშუალებების შეძენის კუთხით თანამშრომლობაზე. მისი თქმით, მიმდინარეობს ლოჯისტიკური და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზებაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა