ჯუანშერ ბურჭულაძე - ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით არსებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „დელტადან“ ქართული ჯარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქციით მომარაგების საკითხზე. მისი თქმით, ბოლო წლებში დიდგორის დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაცემული აქვს თავდაცვის ძალებს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

მინისტრმა ასევე, აღნიშნა „დელტას“ მიერ დაფუძნებული შპს „დელტა ტექსტილის“ მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი - სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოება.

„პროექტის განხორციელების შედეგად თავდაცვის ძალები უკვე იღებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა პროდუქციას. ასევე, საწარმო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ ბრენდებთან და მომავალში იგეგმება წარმოების გაზრდა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რეფორმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების სრულად უზრუნველყოფაზე გაამახვილა. მინისტრმა 2020 წელს განხორციელებულ შესყიდვაზე ისაუბრა.

„შესყიდვა განხორციელდა 2006-07 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაგალითი მკაფიოდ მიუთითებს ჩვენი გუნდის ეფექტურობას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების სხვა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გრძელდება სამანევრო ბრიგადების აღჭურვა სხვადასხვა შეიარაღებით უცხოური დაფინანსების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით ქვედანაყოფების აღჭურვა.

მინისტრმა ნატოს სტანდარტების ავტომატური G4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესის დაწყებაც გააჟღერა.

„ამ ეტაპზე საწარმო მუშაობს სატესტო რეჟიმში და მიმდინარეობს უკვე დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ წელიწადში რამდენიმე ათასი G4 ტიპის შაშხანა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დასძინა, რომ საწარმო მნიშვნელოვნად გადაწყვეტს აღნიშნული შეიარაღებით ქართული ჯარის მომარაგების პროცესს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო