თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატო-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. ამასთან, აღნიშნა, რომ ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი/კონტრიბუცია ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც.

აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემასთან".

მინისტრის ინფორმაციით, სკოლა განხილულ იქნა, როგორც როლური მოდელი, რომლის მიერ დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკები, მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსი ინსტიტუტებისთვის. DIB სკოლა დღეიდან საქმიანობას განაგრძობს როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ნატომ 6-წლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 9 სამანევრე ბატალიონი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი განხორციელების ორმხრივი კონცეფცია (2022-2027). აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავების და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, 2021 წელს ამერიკულმა მხარემ საქართველოს 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, 2022 წელს კი, საქართველომ ჯამში შეერთებული შტატებისაგან 67.4 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეულ დახმარებაზეც. ამ მიზნით, 2021 წელს აშშ-ის ევროპულ სარდლობასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების არსებითად გაუმჯობესება მიმდინარეობს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსა და თავდაცვის ძალების ქმედითი და ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის, სკანდინავიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, აღნიშნა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიმართულებით თურქეთის ძალისხმევა და საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს