გიორგი ხანიშვილი - საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, ყველაზე იაფი პური გვაქვს

საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, ყველაზე იაფი პური გვაქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ხანიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ფქვილის მარაგები არის და პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება.

„სახელმწიფომ გააკეთა არჩევანი, როდესაც ყველაზე იაფი ფქვილის შემოტანის შესაძლებლობა მისცა ბიზნესს. საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, გვაქვს ყველაზე იაფი პური. ამ თვალსაზრისით მარაგები არის არა ხორბალში, არამედ ფქვილში. სტაბილური მარაგები გვაქვს, მითუმეტეს ამ პერიოდისთვის, როდესაც ახალი მოსავალი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში იწყებს მოსვლას. ამ თვალსაზრისით სრული სიმშვიდეა ქვეყანაში. შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლის აღების სეზონს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამისთვის უკვე მზადაა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის კუთვნილი ტექნიკა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის აღების წინ ვიცოდეთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის კომბაინები მზად არიან, რომ უდანაკარგოდ აიღონ მოსავალი, რომელიც მოწეულია. ჩვენი ფერმერების სერიოზული გარჯით და ბუნების მადლით, რომელიც გაზაფხულზე თოვლით და ყინვებით გამოიხატა, ველოდებით საკმაოდ უხვ მოსავალს. სახელმწიფო კომპანიის საკუთრებაში არსებული ყველა ტექნიკა გამართულია და მზადაა. დაახლოებით 200 ერთეულზე მეტი კომბაინია კერძო სექტორში და ისინიც გამართულ მდგომარეობაში იქნებიან. სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე ფერმერებს გაკეთებული აქვთ დაახლოებით 90 კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართი, რაც ხორბლის დაბინავებას და შენახვას ხელს შეუწყობს. ვფიქრობთ, ერთადერთი, რაც გვჭირდება, ისაა, რომ მშრალი ამინდები იყოს, რომ მაქსიმალურად დროულად და უდანაკარგოდ ავიღოთ მოსავალი. ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით მზადაა ტექნიკა, რომელიც საჭიროა იყოს მინდორში. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა მონიტორინგმა წარმატებით ჩაიარა და სახელმწიფო და კერძო სექტორში არსებული ტექნიკა მზად არის ალოობა 2022 წლისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა