„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2022 გაიხსნა.
გამოფენა, რომელსაც აღნიშნული სივრცე 10-12 ივნისს უმასპინძლებს, „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქივაძემ გახსნეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ღონისძიებაში 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. მათ შორის, ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმო, ღვინის ტექნოლოგების, შესაფუთი მასალების, აქსესუარებისა და სერვისების მიმწოდებლები.
„ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ იმპორტიორებმა, დაინტერესებულმა პირებმა და მეწარმეებმა შეძლონ და კონტაქტები დაამყარონ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მეწარმეების მხრიდან ღვინის საექსპორტო მაჩვენებლების ზრდას და მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს აღნიშნულ ღონისძიებას, ვინაიდან ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას, ჩვენი მეწარმეების შესაძლებლობების ზრდას ემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
ღონისძიების ფარგლებში, „სომელიეს არჩევანი” ჩატარდება და გამოფენაზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის, „სომელიეს არჩევანი“ ფასისა და ხარისხის მიხედვით საუკეთესო ღვინოს გამოავლენს. პარალელურად, ღვინის ექსპორტის ფორუმი - Winexpo Forum ჩატარდება, რომელიც ღვინის იმპორტიორებთან შეხვედრებს, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და მწარმოებლებისთვის პრაქტიკულ რჩევებს გულისხმობს.
„გვიხარია, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, მაინც მოვახერხეთ, რომ ამის ორგანიზება წელსაც გაგვეკეთებინა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება, რომელიც ბიზნესებს ერთმანეთს დააკავშირებს. ჩვენი გამოფენა სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ამით გამოარჩევს. სწორედ ამისთვის ჩვენ ღვინის ექსპორტიორთა ფორუმი და ასევე, სპეციალური კონკურსი დავგეგმეთ, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ღვინოებს გამოარჩევს,“ - განაცხადა „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქივაძემ.
კომპანია „Wine Pack“-ის დირექტორის, ილიკო კილაძის განცხადებით, მათი პროდუქტის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.
„ჩვენი კომპანია „Wine Pack“-ი „WinExpo“-ში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს. ჩვენ ვართ „პალიტრა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია და ჩვენ ღვინის კომპანიებს, მარნებს, ქარხნებს, მწარმოებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით ბოთლებს, საცობებს, ჩაჩებს, ეტიკეტებს, კონტეტიკეტებს და ყუთებს ვთავაზობთ. ჩვენ, ასევე, მიწოდების სერვისი გვაქვს. ადგილზე გვაქვს რამდენიმე წარმოება. ვართ რეგიონში სხვადასხვა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობას ვიღებთ, რადგან ამ კომპანიებისთვის ჩვენი პროდუქტის უფრო მეტად გაცნობა ხდება და შეთავაზებას ვუკეთებთ,“ - განაცხადა ილიკო კილაძემ.
კომპანია „COLOR GROUP”-ი მომხმარებლებს ღვინის სრულ შეფუთვას სთავაზობს.
„კომპანია „COLOR GROUP“ ღვინის ფესტივალში მონაწილეობას ტრადიციულად, ყოველ წელიწადს იღებს. ჩვენი ერთ-ერთ მიმართულება არის ეტიკეტების მიმართულება, რომლითაც ღვინის ბაზარზე პოზიციონირება დავიწყეთ. შემდგომ უკვე ყუთები, ჩაჩები დავამატეთ და მომხმარებლებს ღვინის სრულ შეფუთვას ვთავაზობთ. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის მომსახურების მიღება უფრო მარტივი და შესაბამისად, მეტად კომფორტული იყოს. უკვე მე-8 წელია, რაც ბაზარზე ამ მიმართულებით პოზიციონირებას ვიღებთ და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება შეგვიძლია“, - განაცხადა COLOR GROUP“-ის ეტიკეტის მიმართულებით აღმასრულებელმა, რუსუდან მჭედლიშვილმა.