მეუფე შიო - ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს გულებშიც გადმოვიდეს სულიწმიდა

ეს არის დანიშნულება ადამიანისა, რომ იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ადამიანში... ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს გულებშიც გადმოვიდეს სულიწმიდა და მოვიხვეჭოთ ნაყოფი სულისა წმიდისა,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისა განაცხადა.

მან მორწმუნეებს სულთმოფენობა მიულოცა და განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს ეწოდება ასევე ყოვლადწმინდა სამების დღე, იმიტომ რომ სულთმოფენობით სრულად გაცხადდა მსოფლიოს წინაშე ყოვლადწმინდა სამება, სამი ჰიპოსტასი ღვთისა და ადამიანებმა ისწავლეს თაყვანისცემა მამისა და ძის და სულისა წმინდისა.

„თავად უფალი იესო ქრისტე ხშირად საუბრობდა და აღუთქვამდა მორწმუნეებს სულიწმიდის მოვლინებას. იგი ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ,,უმჯობესია თქვენთვის, მე წავიდე, რადგან თუ არ წავალ, ნუგეშინისმცემელი არ მოვა თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას". და იქვე ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ ,,როდესაც მოვა სული ჭეშმარიტებისა, წაგიძღვებათ თქვენ ყოველივე ჭეშმარიტებისკენ".

დღევანდელ დღეს ეწოდება ასევე წმინდა ეკლესიის დაბადების დღე, ვინაიდან სულთმოფენობიდან იწყება წმინდა ეკლესიის არსებობა. ეკლესიისა, რომელზეც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ჯოჯოხეთის ბჭენიც კი ვერ მოერევიან მას. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ სულთმოფენობის დღეს.

რატომ? - იმიტომ, რომ ქრისტეს ეკლესია არ გახლავთ მხოლოდ ეკლესია ქრისტესი, ეს არის ქრისტეს მისტიური და სულიერი სხეული, მაგრამ ეკლესია არის ასევე სხეული, რომელშიც მოქმედებს და სუფევს სულიწმიდა. ამიტომ აღვნიშნავთ სულთმოფენობას ასე განსაკუთრებულად; და აი, ჩვენი გადარჩენა და ჩვენი განწმენდა აღსრულდება ჩვენს ეკლესიაში, აი, ამ ქრისტეს სხეულში მყოფობით სულიწმიდის ძალითა და მადლით.

თქვენ მრავალი გსმენიათ და წაგიკითხავთ, ქადაგებაც მოგისმენიათ, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში ვართ ახლა აღდგომიდან სულთმოფენობამდე, თუ რას ნიშნავს უფალ იესო ქრისტეს ღვაწლი, რა არის გამოხსნა, რისთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა, დაეფლა, მკვდრეთით აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ზეცად ამაღლდა და რა არის ამის მნიშვნელობა, რომ ღმერთმა მოგვმადლა ჩვენ, ჩვენს ბუნებას შესაძლებლობა, სულიერად და ზნეობრივად გამოვსწორდეთ, ფერი ვიცვალოთ, მოგვმადლა შესაძლებლობა მკვდრეთით აღდგომისა, მოგვმადლა შესაძლებლობა მარადიული სიკვდილისგან გადარჩენისა.

მაგრამ აი, ეს შესაძლებლობანი ყოველი ჩვენგანის მიერ მიღებულია ინდივიდუალურად, პიროვნულად, პიროვნულად უნდა გამოვლინდეს, ინდივიდუალურად უნდა გაიხსნას და გამოვლინდეს ჩვენში. ეს ხდება სულიწმიდის ძალითა და მადლით. ჩვენზეა დამოკიდებული, ეს მადლი და შესაძლებლობა გამოვლინდება თუ არა ჩვენში.

რა უნდა ვქნათ ამისთვის? - უნდა გვახსოვდეს დიდი მოციქული პავლეს სიტყვები: ,,ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ თქვენ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?!" აი, ეს არის დანიშნულება ადამიანისა, რომ იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ადამიანში. ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს გულებშიც გადმოვიდეს სულიწმიდა და მოვიხვეჭოთ ეს ნაყოფი სულისა წმიდისა. შეიძლება ისე ძლიერად არ გადმოვიდეს ჩვენზე, როგორც დღეს გადმოვიდა მოციქულებსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე, მაგრამ თუ ჩვენ ვეცდებით, თუ ჩვენ გულმოდგინედ შევასრულებთ ქრისტეს მცნებებს, ჩვენზეც გადმოვა სულიწმიდა, ნელ-ნელა, შეიძლება შეუმჩნევლად, მაგრამ ადამიანი ასეთი ღვაწლის შედეგად ფერს იცვლის. ჩვენ გამოვსწორდებით, შეიცვლება ჩვენი სულიც, ჩვენი სამშვინველიც, ჩვენი სხეულიც, გავხდებით უფრო მოწყალენი, უფრო თავმდაბალნი, უფრო მოსიყვარულენი, უფრო ნაკლებად ვიფიქრებთ ჩვენს საკუთარ, პიროვნულ ინტერესებზე, სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად მოგვხიბლავს ამსოფლიური სიამეები, უფრო მეტად ვიფიქრებთ გულისტკივილით ჩვენს მოყვასებზე და ასე ნელ-ნელ მომწიფდება ჩვენში ის შესანიშნავი და უძვირფასესი ნაყოფები, რომლებზეც საუბრობს წმინდა მოციქული პავლე თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, თუ რა არის ნაყოფი სულისა.

ნაყოფი სულისა - ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მარხვა, სარწმუნოება, მყუდროება და ა.შ.

ღმერთმა ინებოს, რომ სულიწმიდის მადლით, ჩვენც მოვიხვეჭოთ ეს შესანიშნავი ნაყოფები, რათა გავხდეთ ტაძარი ღვთისა, რათა სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ.

დღეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი დღე, დღესასწაული ამ დიდებული ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისა, რომელიც თავისი დიდებულებითა და მშვენიერებით ნამდვილად გამოირჩევა დღეს მსოფლიოში არსებულ ტაძართა შორის. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტაძრის არსებობა - ეს არის ნათელი დასტური ყოვლადწმინდა სულის შემწეობისა, ნუგეშისა და მოქმედებისა ჩვენს ეკლესიაში.

თქვენ იცით, რომ ყოველი შტრიხი ამ ტაძრის მშენებლობისა, ყოველი აგური და ყოველი წვრილმანი აღესრულებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხელმძღვანელობით, რუდუნებით, დიდი სიყვარულით და დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვულოცავთ მას სულთმოფენობის დღესასწაულს, ქედს ვიხრით მისი დიდი ღვაწლის წინაშე და იმის წინაშე, რომ მან სხვა მრავალ დიდ ღვაწლთან და საღმრთო საქმესთან ერთად გვიბოძა ასეთი დიდებული ტაძარი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, სულიწმიდა იყოს თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოს თანა, ამინ!“,- განაცხადა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია