თბილისში კვლევის „საქართველოს მედია გარემოს შეფასება 2021“ პრეზენტაცია გაიმართება

„ევროპის ფონდი“ მედიის წარმომადგენლებს 14 ივნისს, კვლევის „საქართველოს მედია გარემოს შეფასება 2021“ პრეზენტაციაზე იწვევს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 2021 წელს ჩატარდა და მისი მეთოდოლოგია UNESCO-ს მედიის განვითარების ინდიკატორებს ეფუძნება.

პრეზენტაცია სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევის პრეზენტაციას წარმოადგენს კანონისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და საერთაშორისო ექსპერტი მედიის კანონმდებლობისა და პოლიტიკის საკითხებში ტობი მენდელი. კვლევის პროცესში მას დახმარებას უწევდა CRRC-საქართველო და შვიდი ადგილობრივი მედია ექსპერტისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭო.

ღონისძიებას გახსნის ერიკ ილესი, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

კვლევის ძირითადი რეკომენდაციები: საჭიროა კომუნიკაციების კომიისიის გარდაქმნა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოდან ისეთ ორგანიზაციად, რომელიც კონცენტრირებული იქნება ფართო საზოგადოების ინტერესებზე. ეს შესაძლებელია მოხდეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ან პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის შეცვლის გზით.

შეხვედრის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დეტალურად განიხილოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შეაფასონ საკანონმდებლო და პოლიტიკის გარემო, მათ შორის მარეგულირებელთა დამოუკიდებლობის, ჟურნალისტების უსაფრთხოების და წყაროთა კონფიდენციალობის დაცულობის კუთხით.

„ევროპის ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის როლს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებაში, სისტემური კორუფციისა და ცუდი მმართველობის პრაქტიკის მხილებაში. ფონდი რეგულარულად უჭერს მხარს გამომძიებელ ჟურნალისტებს და მედია სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს საგრანტო მექანიზმის გზით თუ უნარების გაძლიერების კუთხით. ამ ძალისხმევის მდგრადობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, შეფასდეს ქვეყანაში არსებული მედია გარემო, გამოიკვეთოს ძირითადი საჭიროებები და გამოწვევები. მსგავსი კვლევის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ბოლო დროს საქართველოში მედია გარემოს გაუარესების ფონზე და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF), 2022 წლის ანგარიშის მიხედვით ქვეყნის მედია დამოუკიდებლობის ინდექსის მკვეთრი შემცირების ფონზე“,- განაცხადა ქეთევან ვაშაკიძემ, ევროპის ფონდის პრეზიდენტმა.

კვლევა მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მიერ. ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებები და მოსაზრებები შესაძლოა, არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოზიციებს.

კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება ევროპის ფონდის ვებგვერდზე: www.epfound.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა