თენგიზ ცერცვაძე - შეიმჩნევა COVID სიტუაციის სტაბილიზაცია მთელ მსოფლიოში, მაგრამ პანდემია არ დამთავრებულა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობას აინტერესებს, COVID პანდემია დამთავრდა და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ თუ მოსალოდნელია COVID ახალი შემთხვევების მატება და ახალი ტალღების გაჩენა.

მისი თქმით, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს იმიტომ, რომ მათ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს, თუმცა ამავდროულად უნდა ახსოვდეს, რომ პანდემია არ დამთავრებულა.

„ბოლო თვეების მანძილზე შეიმჩნევა COVID სიტუაციის სტაბილიზაცია მთელ მსოფლიოში, მაგრამ პანდემია არ დამთავრებულა. ყოველდღიურად მსოფლიოში აღინიშნება 500-დან 700 ათასამდე ახალი COVID შემთხვევა და 1000-დან 2000-მდე COVID გარდაცვალება. ამ ფონზე გამორჩეულად კარგი მდგომარეობაა საქართველოში, სადაც დღეში ფიქსირდება საშუალოდ 100-მდე ახალი COVID შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები ან საერთოდ არ არის (0), ან ერთეული შემთხვევაა (1,2). ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით როგორც COVID ახალი შემთხვევების რაოდენობა (2411), ისე განსაკუთრებით COVID გარდაცვალების შემთხვევები (19) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია ვიდრე ამერიკაში (66), კანადაში (87), პრაქტიკულად მთელ ევროპაში ერთეული გამონაკლისების გარდა და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID შემთხვევების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით - სამხრეთ კორეა (122), ავსტრალია (88), ახალი ზელანდია (156), ჰონგ კონგი (120), იაპონია (20), ისრაელი (33) და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს COVID დადასტურებელ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) მსოფლიოს 113 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,02%). ყველაფერი ეს უპირველეს ყოფლისა განპირობებულია საქართველოში COVID პანდემიის კარგი მართვით, მათ შორის კარგი კლინიკური მართვით. საქართველოში კარგადაა ორგანიზებული COVID დიაგნოსტიკა და COVID პაციენტთა ნაკადების მართვა კერძოდ, როგორც ბინაზე დარჩენილი (ამბულატორიული), ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების კლინიკური მართვა”,- აცხადებს ცერცვაძე.

მისი განმარტებით, საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“.

„ექიმების არსენალშია და ყველა COVID ავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), ტოცილიზუმაბი, ბარიციტინიბი და სხვ. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ COVID პაციენტების - როგორც ბინაზე დარჩენილის (პაქსლოვიდით), ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა COVID პაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების შემთხვევები.

მოსახლეობას აინტერესებს, COVID პანდემია დამთავრდა და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, თუ მოსალოდნელია COVID ახალი შემთხვევების მატება და ახალი ტალღების გაჩენა. მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს იმიტომ, რომ მათ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემია არ დამთავრებულა, რასაც მოწმობს ახალი შემთხვევების და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი რიცხვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. აგრეთვე ის, რომ დაფიქსირებულია SARS-CoV-2-ის რამდენიმე ახალი შტამი. თუმცა მათი ფართედ გავრცელება არ მომხდარა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინაა ზაფხული და აქტიური ტურისტული სეზონი, რაც დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან და შესაბამისად გაზრდილ რისკებთან. ამიტომ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - COVID-ის პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID ტესტირება და ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა