დღეს "ევროპის ფონდის" კვლევის „საქართველოს მედია გარემოს შეფასება 2021“ პრეზენტაცია გაიმართა.
"ევროპის ფონდის" პრეზიდენტ ქეთევან ვაშაკიძის განცხადებით, კვლევის მიხედვით, ქართული მედია ძალიან პოლიტიზირებულია.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში მედია ყურადღებას პოლიტიკურ თემებს უთმობს, ყოველდღიური სოციალური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ნაკლებად შუქდება.
"მნიშვნელოვანი მიგნებები არის ის, რომ ჩვენი მედია ძალიან პოლიტიზირებულია და როგორც მარეგულირებელი სტრუქტურების, ასევე, სხვადასხვა მაუწყებლების რეკომენდაცია არის, რომ პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებული იყოს.
რა თქმა უნდა, აღნიშნული იყო ის თავდასხმა, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე განხორციელდა და რამდენად მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება. ასევე, ყურადღება გამახვილებულია წყაროს დაცვაზე და რომელ რეგულაციებს უნდა გადაიხედოს იმისათვის, რომ წყარო მეტად დაცული იყოს,“ - განაცხადა ქეთევან ვაშაკიძემ.
კვლევის „საქართველოს მედია გარემოს შეფასება 2021“ ძირითადი რეკომენდაციებია:
საჭიროა კომუნიკაციების კომისიის გარდაქმნა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოდან ისეთ ორგანიზაციად, რომელიც კონცენტრირებული იქნება ფართო საზოგადოების ინტერესებზე. ეს შესაძლებელია მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ან პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის შეცვლის გზით მოხდეს.
პოლიტიკურმა პარტიებმა და გავლენიანმა პოლიტიკოსებმა მედიის საქმიანობაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავონ, რაც კრიტიკულ მედიაზე თავდასხმაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული რეკლამების შერჩევითად განთავსებაში ან ძალაუფლების სხვა ფორმით ბოროტად გამოყენებაში გამოიხატება.
მეტი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გაზრდაში, როგორც ზედამხედველობის (სამეურვეო საბჭოს), ასევე შიდა დონეზე. ასევე, საჭიროა უფრო მრავალფეროვანი და აპოლიტიკური მასალის მომზადება.
ქართულმა მედია საშუალებებმა მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ იმისათვის, რომ მათი კონტენტი მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, პრობლემის აღიარება, ხოლო შემდეგ მიუკერძოებელი საზოგადოებრივი ინტერესის მასალის მომზადებაში მეტი რესურსების ჩადება.
განხილული უნდა იყოს სათემო მედიისთვის მეტი ფინანსური რესურსების გამოყოფის საკითხი, განსაკუთრებით სათემო მაუწყებლებისთვის.
აკრედიტაციის სისტემები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც შეხვედრებსა და პრეს-კონფერენციებზე ჟურნალისტების მიწვევას და პრეს-რელიზების გავრცელებას მოიცავს, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს იმგვარად, რომ აკრედიტაციის წესები სამართლიანი იყოს და სათანადო კრიტერიუმებს ემყარებოდეს.
მედია საშუალებებმა უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ გაშუქებაში და ასევე, უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმებაში მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ.
მედია-საშუალებებმა მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ მედიაში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ყველა დონეზე, მათ შორის, მმართველ პოზიციებზეც.
საჭიროა წყაროს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა, რათა უფრო მკაფიოდ განისაზღვროს, რა გარემოებებში შეიძლება ჩათვალოს სასამართლომ მართებულად წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევა. ასევე, ჟურნალისტებზე მიყურადების ფაქტების აღმოსაფხვრელად, მათ შორის როდესაც შესაძლოა დაირღვეს წყაროთა კონფიდენციალურობა, საჭიროა ქმედითი სისტემების შემუშავება.
"ევროპის ფონდის" ცნობით, კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მიერ არის მხარდაჭერილი.