სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას 19 ანგარიში გაუგზავნა, საიდანაც 18 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშს განიხილავენ.
როგორც მექვაბიშვილმა აღნიშნა, იმ საქმეებიდან, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, განაჩენი დამდგარია დაახლოებით ნახევარზე მეტ საქმეებზე.
"გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, 50-მდე აუდიტის ჩატარება შევძელით. ჩვენი აუდიტების ჯამური ციფრი დარღვევებიდან გამომდინარე არის 107 მილიონი ლარი.
პროკურატურაში, მაღალი რისკიანობიდან გამომდინარე, გადაგზავნილი გვაქვს 19 ანგარიში, საიდანაც 18 -ზე დაწყებულია გამოძიება. საქმეები ძირითადად აღძრულია საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა-მითვისებაზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, გულგრილობასა და თაღლითობაზე. ბოლო პერიოდში, რაც ახლა მახსენდება, ეს არის თაღლითობის ფაქტი, რომელიც აღმოვაჩინეთ გორის მუნიციპალიტეტში, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო საკმაოდ მასშტაბური თაღლითობის ფაქტები,"- განაცხადა მექვაბიშვილმა.
ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი აუდიტის დროს რაიმე დანაშაულის ნიშანს ნახავენ, მყისიერად ხდება რეაგირება.
„ბოლო ეპიზოდები, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც მახსენდება, იყო გორის მუნიციპალიტეტში თაღლითობასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც ერთ-ერთი სსიპ-ის მთავარმა ბუღალტერმა თანხები მიითვისა. ასევე, იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში შედარებით მასშტაბური თაღლითური სქემა და თსუ-შიც მსგავსი სქემები იყო ხელფასებთან დაკავშირებით, სადაც მიმდინარეობს გამოძიება.
როდესაც ფინანსური აუდიტის დროს ერთ-ერთი ტესტი ხელფასებთან დაკავშირებით გავაკეთეთ, აღმოჩნდა თაღლითური სქემები. დღეს მიმდინარეობს გამოძიება და ბუნებრივია, ამ ხელფასების ნაწილში, რომელიც საკმაოდ რისკიანი ზონაა, ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით ვუყურებთ შემდეგი აუდიტების დროს.
ყველა ამ ნაწილში, როგორც გითხარით, ბუნებრივია რეაგირება გვქონდა და დღეს მიმდინარეობს გამოძიებები. ამასთან, კონსოლიდირებულად მე გეტყვით, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ 126 ანგარიში გვაქვს გადაგზავნილი პროკურატურაში“,- განაცხადა მექვაბიშვილმა.
რაც შეეხება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს, მექვაბიშვილის ინფორმაციით, 43 პროცენტი არის სრულად შესრულებული, ნაწილობრივ შესრულებულია 17 პროცენტი, ხოლო 30 პროცენტს შესრულების მიმდინარე სტატუსი აქვს.
მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისთვის მათ დანერგეს კომპიუტერული პროგრამა rs, რაზეც ასევე წვდომა ექნება პარლამენტს.
კითხვაზე, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით რეკომენდაციები უნდა იყოს თუ არა სავალდებულო, მექვაბიშვილი პასუხობს, რომ არ უნდა იყოს, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საკონსულტაციო ორგანო.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს საფინანსო- საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ანგარიშს გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი წარადგენს.