ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებებზე - ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი - ღიმილის მომგვრელი

სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სუსტი ანალიზის შედეგი სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობა იყო.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მცდელობა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, რაც პრეზიდენტმა არ მიიღო.

„სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი. ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად, რა ინფორმაციასთან დაკავშირებით ესაუბრა მმართველი გუნდი პრეზიდენტს, პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი არ იქნება სწორი.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა და მისი ანალიზი ჯამში, სუსტი იყო.

„არ ივარგებს რაღაცების საჯაროდ თქმა, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცებს ჩვენ ვუფრთხილდებით. ეს არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოებასთან 100%-ით უნდა ვიყოთ გახსნილი, მაგრამ რაღაცებს რომ გავუფრთხილდეთ, ყველაფერს გარეთ ვერ გამოვიტანთ.

ეს გამომდინარეობს ინფორმაციის დეფიციტის გამო, ან შეიძლება არ ჰყავს ისეთი ანალიტიკოსები ადმინისტრაციაში. მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული და ა.შ. სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა, ეს არის ღიმილის მომგვრელი“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა