20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“, სხვა საზოგადოებრივ მოძრაობებთან ერთად, თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად, ბათუმში აქციას „შინ ევროპისკენ“ გამართავს.
მოძრაობის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბათუმში 20 ივნისს, 19:00 საათზე „6 მაისის“ პარკში შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ.
„ივნისის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.
გაივლის ერთი საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება - გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია.
საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლიანობა ის ღირებულებებია, რომლებიც გვაერთიანებს და რომელთა გარანტიც სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციაა.
თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“, სხვა საზოგადოებრივ მოძრაობებთან ერთად, ბათუმში აქციას გამართავს. ვიკრიბებით 20 ივნისს, 19:00 საათზე, 6 მაისის პარკში. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ.
ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი.
#წინევროპისკენ
#შინევროპისკენ“,- წერს„სირცხვილია“ „ფეისბუქის“ გვერდზე.