ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველის თოდორ ნედელევის ბულგარეთში ტრანსპორტირება ოთხშაბათს, 22 ივნისს განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის Facebook-ზე ვრცელდება.
ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილება ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის და თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პარასკევს ნედელევს გაწერენ ნეიროქირურგიული განყოფილებიდან და გადაიყვანენ სასტუმროში, ოთხშაბათს კი ის საქართველოდან გაფრინდება.
ამ მიზნით ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა უკვე დაიქირავა საჭირო ტექნიკითა და სამედიცინო სპეციალისტებით აღჭურვილი კერძო სასწრაფო დახმარების მანქანა.
ეროვნული ნაკრების ორგანიზებისა და საქართველოდან ბულგარეთში, ასევე სამშობლოში ტრანსპორტირების ყველა ხარჯს ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი დაფარავს.
„ფეისბუქზე“ განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თოდორ ნედელევის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ, ყოველ დღე უმჯობესდება და პერიოდული ელექტროენცეფალოგრამები აჩვენებს თავის ტვინის სრულიად ნორმალურ ელექტრულ აქტივობას.
შეგახსენებთ, 11 ივნისს საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა, რომლის შედეგადაც, თოდორ ნედელევი დაშავდა. ბულგარელ ნახევარმცველს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.