შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ჯაბა სამუშია, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) აღმასრულებელ დირექტორს, დევიდ კლივს, მის მოადგილე აიდინ ტურენბაევსა და ამავე ორგანიზაციის საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, ირინა ხომერიკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღნიშნული ორგანიზაციასთან არსებულ თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივებს. ამასთან, ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ ფინანსდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები.
მთავრობათაშორისი ორგანიზაცია „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ მიზნად ისახავს საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამეცნიერო საზოგადოების დაკავშირებას კოლეგებთან ევროკავშირის ქვეყნებიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ნორვეგიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.