ახალი ლოგო და ვიზუალური სტილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბრენდინგის პროცესი დაასრულა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 2022 წლის 1-ელი მარტიდან, დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოდ ჩამოყალიბების შემდეგ რებრენდინგის პროცესი დაიწყო. სრულად შეიცვალა უწყების ლოგო და სტილი.

კონკრეტულად, რა ცვლილებები განახორციელა სამსახურმა ბრენდინგის მიმართულებით, შეიცვალა თუ არა რებრენდინგის პარალელურად უწყების მისია და კიდევ რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება სამსახურის განვითარების კუთხით, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ოთარ ჩახუნაშვილს ესაუბრა.

მოგვიყევით, რა ცვლილებები განახორციელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბრენდინგის პროცესში და რატომ გახდა ეს ცვლილებები საჭირო?

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო 2013 წლიდან არსებობს. ამ 9 წლის განმავლობაში უწყებამ არაერთხელ შეიცვალა ლოგოც და სახელწოდებაც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კი, როგორც იცით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე 2022 წლის 1-ელი მარტიდან შეიქმნა. შესაბამისად, ახალი სამსახურის დაარსების დღიდან დავიწყეთ ბრენდინგზე ფიქრი, რაც გულისხმობდა ჩვენი იდენტობის, უნიკალურობის ახალი სიმბოლოს და ვიზუალური სტილის შექმნას. ახლახან შეიქმნა ეს პროდუქტი - ლოგო და მასთან დაკავშირებული სხვა ბრენდირებული მასალები. მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. გვქონდა განხილვები და მსჯელობა როგორც უწყების შიგნით, ასევე გარეთ - სფეროს სპეციალისტებთან.

უფრო კონკრეტულად, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს განახლებულ ვიზუალურ ბრენდინგს?

ახალი ლოგო არის რომბის მოყვანილობის მქონე სიმბოლო, რომლის ქვედა ნაწილშიც ვხედავთ თითის ანაბეჭდსა და ქსელური კავშირებისთვის დამახასიათებელ წრეებს, ზედა ნაწილში კი გამოსახულია მონაცემთა ციფრული აღმნიშვნელი (digital data icon). თითი სანაბეჭდი ყველა ადამიანისთვის უნიკალური მახასიათებელია, სწორედ ამიტომ ანაბეჭდი, როგორც სიმბოლო, კარგად გამოხატავს ჩვენი უწყების შინაარსს. რაც შეეხება ლოგოს მეორე ნაწილს - ბოლო პერიოდის ტექნოლოგიურმა პროგრესმა, სამყარო სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ციფრული მონაცემების დაცვა განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა.

მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, სიმბოლო გამოსახავს იდენტობის, ინფორმაციის დაცულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კავშირს, რაც ჰარმონიულად ერთიანდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მისიაში.

რატომ გაკეთდა აქცენტი ფერების იმ კომბინაციაზე, რაც ლოგოშია გამოყენებული?

ჩვენს ლოგოში გამოყენებულია ფირუზისფერი და ზურმუხტისფერი, რაც დაცულობის, სიმშვიდის და სტაბილურობის ასოციაციას იწვევს. გარდა ამ ორი ფერისა, ბრენდირებულ მასალებში დამატებით შემოვიყვანეთ ყვითელიც, რაც ჩვენს ძირითად ფერებს კარგად ეხამება.

რაც შეეხება სამსახურის მისიას - რებრენდინგის პარალელურად, შეიცვალა თუ არა ეს მისია და ზოგადად, სამსახურის ღირებულებები?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო უწყების მისია უცვლელია, რაც წლების განმავლობაში იყო. აგრეთვე უცვლელია ღირებულებები და პრინციპები, რომლის საფუძველზეც ფუნქციონირებს ჩვენი სამსახური. ჩვენი მთავარი მისიაა საზოგადოებაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კულტურის გაძლიერება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობა. რაც შეეხება მთავარ ღირებულებებს, ეს გახლავთ მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, და სამართლიანობა.

მოგვიყევით თქვენი სამსახურის სამომავლო გეგმების შესახებ, რა ნაბიჯები გაქვთ დაგეგმილი თქვენი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის?

ჩვენი ძირითადი ფუნქციების განხორციელების გარდა, რაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს, მოქალაქეების განცხადებების განხილვას და ინსპექტირების განხორციელებას გულისხმობს, არაერთი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კუთხით. ეს გამოიხატებატრენინგებისჩატარებაში, სხვადასხვა თემატური რეკომენდაციისმომზადებაშიდაა.შ. ბრენდირების პროცესის დასრულების შემდგომ, სამსახური უკვე აქტიურად დაიწყებს სოციალურ მედიაში ცნობიერების ამაღლების კუთხით კამპანიების განხორციელებას. მუდმივად მივაწვდით საზოგადოებას, ასევე საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მათთვის საჭირო რჩევებს და რეკომენდაციებს.

წელს ჩვენთვის პრიორიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღებაა, რომელიც ჰარმონიზებული და თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, ევროპულ გამოცდილებასთან. გვსურს ეს სტანდარტი ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრდეს. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

ჩვენს უცხოელ კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მასპინძლობს ევროპის საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას, რომლის ფარგლებში თემატურად განიხილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკა, ტენდენციები და გამოწვევები.

მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ის, რომ დავაფუძნეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი და პირველი გამოცემისთვის ნაშრომების მიღება უკვე დაიწყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი ჩამოყალიბდება როგორც ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებისა და რეცენზიების სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, რომლის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით შედარებით სამართლებრივი დისკურსის წარმართვა და მკვლევართა სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბება, აგრეთვე, აქტუალურ საკითხთა ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალი ლოგო და აბრა, რომელიც ჩვენი ოფისის წინ, ვაჩნაძის ქუჩაზე განთავსდება, სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სამსახურის დასახელებას სამ ენაზე შეიცავს, ესენია - ქართული, ინგლისური და აფხაზური. ამ გზით პატივს ვცემთ აფხაზურს, როგორც ენას, რომლის სტატუსიც კონსტიტუციით არის დაცული.

თქვენ ახსენეთ საზოგადოების ცნობიერების პრობლემა - თქვენი სამსახური მუშაობს ამ მიმართულებით. არის თუ არა ამ მხრივ პროგრესი, როგორია სტატისტიკა?

ცნობიერების ამაღლების საზომი მოქალაქეების მომართვაა, რაც წლიდან წლამდე იზრდება. ეს მზარდი ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია.

ზოგადად, 2013 წლიდან მუდმივად იზრდება მომართვა, რაც, ბუნებრივია, საზედამხედველო ორგანოს მიერ ჩატარებული მრავალი აქტივობის შედეგია - იქნება ეს ტრენინგები, შეხვედრები, ინსპექტირებები თუ გამოცემული გადაწყვეტილებები. მიუხედავად მზარდი მომართვიანობისა, აუცილებელია ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, აღნიშნული მიზნით არაერთი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა