DRI - იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუს-ი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირითადი საფრთხის წყაროდ ოპოზიციურ ჯგუფებს, პროტესტის მონაწილეებსა და, სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს განიხილავს

სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტს ვერ შეუქმნის სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით რეალურ წარმოდგენას, - ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიშის ანალიზი კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ უწყების რესურსი არარაციონალურად იხარჯება და მისი ინტერესი მიპყრობილია არა რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ პოლიტიკური ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვალთვალისა და მიყურადებისკენ.

„2022 წლის 15 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ანგარიშის საკომიტეტო განხილვა ორი თვის დაგვიანებით 17 ივნისს ჩაინიშნა.

სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში უკიდურესად ზოგადია, რაც საქართველოს პარლამენტის წევრებს ვერ შეუქმნის სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით რეალურ წარმოდგენას და ვერ მიაწოდებს იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც ამ უკანასკნელს სუს-ზე დემოკრატიული საპარლამენტო კონტროლის შესაძლებლობისთვის სჭირდება.

იმის ნაცვლად, რომ ანგარიშში შეძლებისდაგვარად ამომწურავად უნდა იყოს საუბარი კონკრეტული წყაროებიდან მომდინარე საფრთხეებზე, წარსული გამოცდილებიდან მიღებულ გაკვეთილებზე, საფრთხის მიმართ სუს-ის პასუხზე, ანგარიში შემოიფარგლება ისეთი უკიდურესად ზოგადი ფრაზებით, როგორებიცაა: „გატარდა სათანადო ღონისძიებები“, „გაიმართა არაერთი შეხვედრა“, „გატარდა კომპლექსური ღონისძიებები,“ „მიმდინარეობდა უწყებათაშორისი კოორდინაცია“ და სხვ.

ანგარიშის გაცნობის შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუს-ი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირითადი საფრთხის წყაროდ ქვეყანაში არსებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, პროტესტის მონაწილეებსა და, სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს განიხილავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშში ზერელედაა საუბარი იმ რეპუტაციულ ზიანზე, რაც სუს-ს 2021 წლის სექტემბერში სავარაუდოდ უკანონო მიყურადების შედეგად შედგენილი ფაილების გაჟონვის შედეგად მიადგა.

„ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშში კრიტიკულად იყოს გააზრებული სისტემური პრობლემები, რამაც სახელმწიფოს რეპრესიული აპარატი მოქალაქეთა (და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა) ფართო ჯგუფის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებაში მოიყვანა და პარლამენტს ეცნობოს სისტემის შიგნით ამ ტიპის მასშტაბური დანაშაულის გამოსავლენად/აღსაკვეთად დაგეგმილი ღონისძიებების/პროგრამების შესახებ, სუს-ს პასუხისმგებლობა გადააქვს გარე აქტორებზე, რომლებმაც საკითხი „სამართლებრივი სივრციდან მიზანმიმართულად გაიტანეს.“ თუმცა იგი არ აღნიშნავს, თავად რა გააკეთა ამ პრობლემის სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად - კერძოდ, მინიმუმ, სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა თუ არა შიდა მოკვლევა და პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებამდე დადგა თუ არა ვინმეს დისციპლინური პასუხისმგებლობა.

ანგარიშის ანალიზი კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ უწყების რესურსი არარაციონალურად იხარჯება და მისი ინტერესი მიპყრობილია არა რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ პოლიტიკური ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვალთვალისა და მიყურადებისკენ.

ანგარიშში მრავლადაა ფაქტობრივი უზუსტობები. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის განცხადებით, სამსახური საანგარიშო პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა რამდენიმე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში, როგორც ირკვევა, ამ კომისიებიდან რამდენიმეს სხდომა 2021 წელს საერთოდ არ გაუმართავს. ერთმანეთს არ ემთხვევა სუს-ის და საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დეპუტატების მიერ გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების რაოდენობის და ნდობის ჯგუფის სხდომების რაოდენობის შესახებაც. კერძოდ, თუ სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება განხორციელდა 32 სადეპუტატო შეკითხვაზე, საქართველოს პარლამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულ წელს მხოლოდ 11 სადეპუტატო წერილობითი კითხვა გაეგზავნა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს