მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ – საზეიმოდ გავხსენით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირის 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის საგრანტო პროგრამაში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებული მონაწილეობისთვის ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება, კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. პატივი მხვდა წილად, 2021 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმო ვითარებაში ხელი მომეწერა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროკავშირის ამ უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით საგრანტო პროგრამა Horizon Europe-ში, რაც არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით.

Horizon Europe გახლავთ ჭეშმარიტად უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მეცნიერებს, ერთობლივი პროექტები განახორციელონ ევროპელ კოლეგებთან ერთად. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ახალ განზომილებაში გადაჰყავს ჩვენს სამეცნიერო ინსტიტუტებში მიმდინარე კვლევები.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროგრამის ფარგლებში, ჩვენი მეცნიერები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რაც აქვთ მათ კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირებამ ნამდვილად ახალი შესაძლებლობების კარი გაუხსნა ჩვენს მეცნიერებს, ინოვატორებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.

ჩემთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ Horizon Europe-ის ოფისი დღეს უკვე აქ, უდიდესი ტრადიციების მქონე სამედიცინო უნივერსიტეტში გავხსენით, რომელიც საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს. სწორედ ამ უნივერსიტეტის წიაღში აღზრდილი ექიმების პროფესიონალიზმი და მუხლჩაუხრელი შრომა მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

მსურს უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიმართ, ისინი ჭეშმარიტად ჩვენი დროის გმირები არიან. სწორედ ჩვენი ექიმები აღმოჩნდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე და ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლაში მათ გვერდით იდგენენ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ კორონავირუსის ეფექტიანად მართვას არა მხოლოდ ღვაწლმოსილი პროფესორები, არამედ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელი სტუდენტებიც შეუერთდნენ. დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც არაერთ სახელოვან თაობას აღზრდის, რომლებიც თავდადების ისეთივე მაგალითს აჩვენებენ, რისი მომსწრენიც პანდემიის პერიოდში ჩვენ ყველანი ერთად გავხდით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლებლობებს ძალიან ნაყოფიერად გამოიყენებთ. ყველას მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს!“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გვერდში დგომისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერით უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით ასევე წარდგნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სოფიო ბახტაძე და უნივერსიტეტის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორი თამარ გვასალია.

სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის გაფართოება. საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო უნივერსიტეტს მოიცავს“, - ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი