მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე უარს იტყვის, „უდავო გახდება, რომ ამ საქმით საგამოძიებო ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, რომ „2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ“ ინფორმაცია გაასაჯაროოს და „ძალიან კარგი იქნება თუ აღნიშნულ თანხებს გადარიცხავს უკრაინის დახმარების ფონდში“.

ამასთან, მისი თქმით, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე უარს იტყვის, „უკვე უდავო გახდება, რომ ამ საქმით საგამოძიებო ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ“.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, „ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა“.

,,ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, ქართველი ოლიგარქების დაფინანსებული ყველა ტელევიზია ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ეს ამბავი. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ისინი არა თუ დღეების, არამედ წლების განმავლობაში მალავდნენ, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერს, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და რომლითაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის კასეტური ბომბებით დაბომბვა დააბრალეს. ერთი სიტყვით, ხალხი, რომელიც პროევროპელობას იჩემებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფლაგმანებად გვაჩვენებს თავს, საგულდაგულოდ მალავს რუსეთთან კავშირების თუ რუსული საქმის მამტკიცებელ ინფორმაციებს, თუმცა აქტიურად იგონებს და ავრცელებს ასეთ ამბებს.

საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ. როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის მიღმა, ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, რომ „2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ“ ინფორმაცია გაასაჯაროოს.

„სრული ინფორმაცია მაგალითებისათვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად 3 წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა. ყველას გვახსოვს ქმედებები 80 წელს გადაცილებული პოზნერის წინააღმდეგ, რამაც ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი. ეჭვებს ამძაფრებს ელენე ხოშტარიას მამის წარსული, რაზეც ზვიად გამსახურდია აქტიურად საუბრობდა. ასევე ის ფაქტი, რომ თავად ხოშტარია „მგიმოს“ კურსდამთავრებული და რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია.

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოშტარიას ქმედებები სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა, თანაც, ამას აკეთებდა ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იყვნენ პრორუსი ბიზნესმენის, გულუას პრესსამსახურის წარმომადგენლები, თავის დროზე ჯორჯ ბუშის ქუჩის გახსნის პროტესტის ავტორები თუ რუსულ ინტერესებთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები. როდესაც ამ ყველაფერს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან მიღებული, ჰონორარის რაოდენობისათვის შეუსაბამო, მილიონობით რუბლი ემატება, ლოგიკური ჯაჭვი საბოლოოდ იკვრება.

ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს რუსული რბილი ძალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მედია. თავად ელენე ხოშტარიას მოვუწოდებთ, გაასაჯაროოს სრული ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ და ძალიან კარგი იქნება თუ აღნიშნულ თანხებს გადარიცხავს უკრაინის დახმარების ფონდში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე უარს იტყვის, უკვე უდავო გახდება, რომ ამ საქმით საგამოძიებო ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ.

„რუსეთიდან შემოსავალს საქართველოში მრავალი ადამიანი იღებს და სხვა პირის შემთხვევაში ამას ნამდვილად არ მოვითხოვდით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არა აქვს მორალური უფლება რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს. თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა