კობა გვენეტაძე - ეროვნულმა ბანკმა გაატარა ადეკვატური ზომები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ ღონისძიებაზე მსოფლიო ბანკის 2022 წლის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, კობა გვენეტაძემ ღონისძიების მონაწილეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებზე და ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევაზე - ინფლაციაზე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. დღეს ჩვენ ორი კრიზისის წინაშე ვდგავართ - პანდემია და ომი. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა გაატარა ადეკვატური ღონისძიებები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. სებ-ი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ტვირთი საზოგადოებას შევუმსუბუქოთ. რომ არა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და დროული ნაბიჯები, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, დღეს გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5.5%-ს მიაღწევს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავ ღონისძიებას, სადაც მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ანგარიშს წარვადგენთ. სამწუხაროდ, საზოგადოებამ იცის, რომ მსოფლიო ეკონომიკა რთული გამოწვევების წინაშეა. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4.1%-დან დაახლოებით 2.9%-მდე შემცირდება. აღნიშნული ვარდნა ძირითადად განპირობებულია მაღალი ინფლაციისგან, რომელსაც თან ერთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა, გლობალური მიწოდების ჯაჭვის ხარვეზები და რა თქმა უნდა ამ ყოველივეს ამძაფრებს მიმდინარე ომი უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაინც გვაქვს პოზიტიური სიახლეები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5.5%-ს მიაღწევს, რაც საწყისი პროგნოზის 2.5%-ის გაუმჯობესებული მაჩვენებელია", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების პირველ სისტემურ შეფასებას 70-იანი წლების სტაგფლაციასთან შედარებით. კერძოდ, ანგარიში მიუთითებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სტაგფლაციას განვითარებად ქვეყნებზე. 70-იანი წლების სტაგფლაციის შემდგომ აღდგენას საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა დასჭირდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური კრიზისების სერიაში მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

„ანგარიშში ასევე მოცემულია უახლესი ანალიზი, თუ როგორ აფერხებენ ენერგორესურსების ბაზრებზე ომით გამოწვეული შედეგები გლობალური ზრდის პერსპექტივას. უკრაინაში მიმდინარე ომმა ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქონლის ფართო სპექტრისთვის ფასების ზრდა განაპირობა. მაღალი ფასები ენერგორესურსებზე შეამცირებს რეალურ შემოსავალს, გაზრდის საწარმოო ხარჯებს, გაამკაცრებს ფინანსურ პირობებს და შეზღუდავს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას - განსაკუთრებით ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებში.

"გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიშში ასევე აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და სხვადასხვა მაჩვენებლები:

საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით.

ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით.

საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი; ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას და COVID-19 - ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ეკონომისტების, ფინანსისტების, დარგის ექსპერტების და მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა