ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ - კეზერაშვილი ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხაზარაძე - ოთხიდან სამს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი

შეგვიძლია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ - კეზერაშვილი ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხაზარაძე - ოთხიდან სამს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკაში ან მედიაში, მაგრამ რაც შეეხება კეზერაშვილს, ხაზარაძეს და სხვებს, "ეს ფაქტებით დასტურდება".

„უკრაინაში მოქმედებს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. შეგვიძლია, ეს კანონი საქართველოში პირდაპირ დავაკოპიროთ და ვნახავთ, რომ ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან - კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ან დავაკოპიროთ, ან უკრაინულ ენაზეც დავამტკიცოთ - ეს ნახევრად ხუმრობით. ის, რომ უკრაინული კანონის მიხედვით ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად და ჩაითვლება კეზერაშვილი და ხაზარაძე, ამას აქვს მიზეზი. კერძოდ, უკრაინულ კანონში ოთხი მიზეზია ჩამოთვლილი, რომლის მიხედვით, ადამიანი ოლიგარქად ითვლება - ეს არის ის, რომ 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონება უნდა ჰქონდეს, მედიაზე გავლენა, ასევე პოლიტიკაზე გავლენა და ბიზნესში უნდა ჰქონდეს დომინირებული მდგომარეობა. პირი ოთხიდან სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კრიტერიუმებს რომ გავყვეთ, ერთადერთი ოთხიდან რასაც ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს, 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონებაა. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოთხიდან სამს აკმაყოფილებს. ხაზარაძე - ოთხიდან - სამს. თქვენ თუნდაც ერთი მტკიცებულება მოიტანეთ იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე გავლენა აქვს პოლიტიკაზე ან მედიაზე,"- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე ფაქტებით დასტურდება, რომ სააკაშვილი ოლიგარქია.

"მთავარი დამავიწყდა, მას 85 მილიონზე მეტი ქონება აქვს, ამ ნაძარცვ ფულს დღემდე პოლიტიკაშიც დებს. სააკაშვილი არის არაფორმალური ლიდერი, პოლიტიკაზე აშკარა გავლენა აქვს და პირდაპირ აფინანსებს საკუთარ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებს, ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილეს, შესაბამისად, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი. სააკაშვილზე ფაქტები არსებობს, დღეში ოთხ კაცს იბარებს, რომ პოლიტიკური ინსტრუქციები მისცეს. ბიძინა ივანიშვილს "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს, ის პოლიტიკიდან გასულია, ეს იყო მისი ნება და არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ რაიმეში ჩაერია", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, საიდან იცის კეზერაშვილის ფინანსები, კობახიძე ამბობს, რომ მედიაში ყოველ თვე მილიონის ინვესტირებას ახდენს.

"თავდაცვის მინისტრი იყო, მანამდე კაპიკი არ ჰქონდა და თავდაცვის მინისტრობიდან რომ წამოვიდა, ერთ თვეში მილიარდიანი ბრუნვის კომპანიის მფლობელი გახდა. გარანტირებულად გეუბნებით, რომ მისი კომპანიების საერთო ღირებულება არის ბევრად მეტი, ვიდრე 85 მილიონი.

მედიაში ყოველ თვე დაახლოებით მილიონის ინვესტირებას ახდენს. უკრაინული კანონი რომ დავაკოპიროთ, კეზერაშვილი ოლიგარქის ცნებაში მოხვდება,"- განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი