ბიძინა ლებანიძე - დიდი ალბათობით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გადაავადებს, თუ საქართველო ადრე თუ გვიან დაუბრუნდება რუსულ ორბიტას, ამაში დამნაშავე იქნება პოლიტიკური კლასი

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ილიაუნის ასოცირებულ პროფესორს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, 20 ივნისს რუსთაველის პროსპექტზე ლოზუნგით „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“ მრავალრიცხოვანი, საკმაოდ შთამბეჭდავი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ერთი მხრივ გააპროტესტეს 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ ანტირუსული აქციის მონაწილეების დასჯა, მეორე მხრივ გააპროტესტეს ხელისუფლების, როგორც მინიმუმ, არასაკმარისი საქმიანობა იმისათვის, რომ ქვეყანას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ხალხი შეეცადა ხმა მიეწვდინა როგორც ევროპისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთაველზე მანამდე ბევრი აქცია ჩატარებულა, მაგრამ ამ უკანასკნელის ესთეტიკა და რიტორიკა აშკარად განსხვავდებოდა ყველა წინა აქციებისგან. არა მარტო იმით, რომ პოლიტიკური ლიდერები არ ჩანდნენ, იგრძნობოდა სტუდენტი-ახალგაზრდების სიმრავლე, მათ გვერდით იყვნენ სხვადასხვა თაობის ადამიანები, არამედ იმითაც, რომ ემოციების სიჭარბის მიუხედავად აქცია ევროპული მოწესრიგებულობითა და თავდაჭერილობით აშკარად გამოირჩეოდა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა 20 ივნისს გამართულმა აქციამ - „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“? და კიდევ - რა გზავნილი მიიღეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ქართული საზოგადოებისგან?

- 20 ივნისის აქცია მართლაც შთამბეჭდავი იყო თავისი მასშტაბურობით, მოწესრიგებულობით და სიმბოლიზმით. აქციას რა თქმა უნდა ,ჰქონდა პოზიტიური გავლენა საქართველოს იმიჯზე ევროკავშირის თვალში. ბევრმა ევროპელმა პოლიტიკოსმა თუ მიმომხილველმა გააზიარა აქციის ბმული სოციალურ ქსელებში ერთგვარი სიამაყით, რომ ევროპულ იდეას კვლავ ჰყავს მხარდამჭერები ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა.

სამწუხაროდ, მხოლოდ საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნებს ევროკავშირში არ იღებენ და არც კანდიდატის სტატუსს აძლევენ. მთავარია, მოჰყვება თუ არა აქციას კონკრეტული შედეგები და შეძლებს თუ არა საზოგადოება, მოსახლეობა, აიძულოს ხელისუფლება და მთლიანი პოლიტიკური სპექტრი, რათა შეასრულონ ევროკომისიის წინაპირობები

ეს ევროკავშირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბრექსიტისა და სხვა განუწყვეტელი კრიზისების ფონზე ევროკავშირის იდეას ბევრი კრიტიკის თვალით უყურებს. ამიტომ მხარდაჭერის ასეთი დემონსტრირება საქართველოს მიერ, რომელიც ევროკავშირის წევრიც არაა, ევროპელებს ზოგადად, რა თქმა უნდა, მოსწონთ და მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიმართ.

თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, სამწუხაროდ, მხოლოდ საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნებს ევროკავშირში არ იღებენ და არც კანდიდატის სტატუსს აძლევენ. მთავარია, მოჰყვება თუ არა აქციას კონკრეტული შედეგები და შეძლებს თუ არა საზოგადოება, მოსახლეობა, აიძულოს ხელისუფლება და მთლიანი პოლიტიკური სპექტრი, რათა შეასრულონ ევროკომისიის წინაპირობები.

- აქციის ადრესატი ჩვენი ევროპელი პარტნიორების გარდა, ჩვენი ხელისუფლება იყო. აქციამდე მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ აქციის უკან „ნაციონალები“ იდგნენ, თუმცა, ყველა არაო. შემდეგ, როცა აქცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, დაიწყეს საუბარი, რომ აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც მრავლად იყვნენ.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, როცა ვნახეთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისისათვის დაანონსებულ აქციას მმართველმა გუნდმა პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა, ძნელი სავარაუდოა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერებიც ყოფილიყვნენ 20 ივნისის აქციაზე.

ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ აქციამდე და აქციის დღეს სახელისუფლებო პროპაგანდა ძალიან ცდილობდა აქციაზე „ბევრი თავები“ არ ყოფილიყო. აქციამდე და აქციის შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერშიფი საუბრობდა იმაზე, რომ მზადაა დაიწყოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. არადა, გვახსოვს, რომ ხელისუფლება სულ ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ „კანდიდატის სტატუსი“ და რეკომენდაციები ბევრი არც არაფერი იყო.

ფაქტია, რომ აქციაზე გამოცხადდა ახალი სახალხო მოძრაობის „წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!“ დაფუძნება, რომლის მიზანი იქნება აიძულოს ხელისუფლება გადადგას სახელმწიფოსათვის კონკრეტული ნაბიჯები ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა 6 თვის შემდეგ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამორჩეს ევროინტეგრაციის პროცესში.

აქციამ ცხადად დაგვანახა, რომ მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ევროპული არჩევანის დასაცავად და ეს გზავნილი მიიღო ხელისუფლებამ.

რა შედეგით დასრულდა 20 ივნისის აქცია ერთი მხრივ ახლად დაფუძნებული სახალხო მოძრაობისა და ოპოზიციისთვის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის?

- მნიშვნელოვანი იყო რომ 20 ივნისის აქციაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქვეყნის მოსახლეობის ევროპული არჩევანი და მისი უალტერნატივობა. ეს იყო მესიჯი ასევე ბოლო დროს მომრავლებული და მოძლიერებული პრორუსული და ევროსკეპტიკური ჯგუფებისთვის, რომ მათ გაუჭირდებათ საკუთარი მავნე იდეების თავსმოხვევა მოსახლეობისთვის.

რა თქმა უნდა, ეს იყო შეტყობინება ხელისუფლებისთვის რომ ევროპული გზიდან გადახვევას შეუძლია კრიტიკული მასის ქუჩაში გამოყვანა, რასაც იგივე ოპოზიციური პარტიები ვერაფრით ახერხებენ დამოუკიდებლად. ამიტომ, ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, როცა საქმე ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება.

ეს იყო შეტყობინება ხელისუფლებისთვის რომ ევროპული გზიდან გადახვევას შეუძლია კრიტიკული მასის ქუჩაში გამოყვანა, რასაც იგივე ოპოზიციური პარტიები ვერაფრით ახერხებენ დამოუკიდებლად. ამიტომ, ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, როცა საქმე ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება

რაც შეეხება თავად ოპოზიციურ პარტიებს. ალბათ, მათთვისვე იქნება მომგებიანი, თუ ინიციატივას სხვა აქტორებს - სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, ახალ პოლიტიკურ ძალებს დაუთმობენ და თვითონ არ მოინდომებენ მოვლენების ავანგარდში ყოფნას.

რაც შეეხება ახალი მოძრაობის დაარსებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი აქტორის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ მისასალმებელია. საქართველოს პრობლემა არ არის მხოლოდ ურჩი ხელისუფლება, რომელიც რეფორმებს არ ატარებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, პოლიტიკური სპექტრის ორ მოსისხლე მტერ ბანაკად დაყოფა, რომლებიც მოსახლეობას, ამომრჩეველს თავის ტყვეობაში ამყოფებენ და ახალი პოლიტიკური აქტორების გამოჩენას უშლიან ხელს.

ეს შემდეგ იწვევს მოსახლეობის გაუცხოებას პოლიტიკური პროცესისგან, ხიდჩატეხილობას ამომრჩეველს და პარტიებს შორის, ამიტომაა რომ საქართველოს ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ჰყავს. ხალხმა არ იცის ვის მისცეს ხმა, და საბოლოოდ არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, არამედ საწინააღმდეგოდ აძლევენ ხმებს.

რაც შეეხება თავად ოპოზიციურ პარტიებს. ალბათ, მათთვისვე იქნება მომგებიანი, თუ ინიციატივას სხვა აქტორებს - სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, ახალ პოლიტიკურ ძალებს დაუთმობენ და თვითონ არ მოინდომებენ მოვლენების ავანგარდში ყოფნას

ამის დასაძლევად საჭიროა ბევრი ახალი პარტიის და აქ იგულისხმება რეალურად ახალ პოლიტიკური ძალის, ახალი სახეების, და არა პორტირებული პოლიტიკოსების, გამოჩენა და კოალიციური მმართველობის ტრადიციის დანერგვა.

ვხედავთ, რომ ერთპარტიული სისტემა არ ამართლებს აგერ უკვე 30 წელია, საჭიროა კოალიციური სისტემის მოსინჯვა და ამას ჭირდება ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის იქნა მიღებული, საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ამაზე პასუხისმგებელი ცალსახად ხელისუფლებაა.

მეტიც, ამ არცთუ სახარბიელო რეკომენდაციის მიღებამდე მმართველი პარტიის სპიკერების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, ხელისუფლების თითქმის ყველა მოქმედებამ და უმოქმედობამ ევროინტეგრაციის პროცესი და შესაბამისად, სახელმწიფო, მნიშვნელოვნად დააზიანა.

განხილვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა, თითქოს ხელისუფლება ამას განგებ სჩადიოდა. ახლა გვაქვს ის რეალობა, რაც რეალობაც გვაქვს. ევროპამ გვითხრა - ჯერ შიდაპოლიტიკური შეთანხმება და რეფორმები, შემდეგ კანდიდატის სტატუსი.

უკვე კარგად ჩანს, რომ დეპოლარიზაციის მიღწევაც რთული იქნება და რეფორმებზეც შეთანხმება. მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში. აღარაფერს ვამბობ დე-ოლიგარქიზაციაზე. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოლიგარქებად სააკაშვილი და კეზერაშვილი გამოაცხადეს.

ბევრი თვლის, რომ რეკომენდაციებიდან ბევრის შესრულება იოლი იქნება, რადგან ტექნიკური საკითხებად შეიძლება ჩაითვალოს. საკონსტიტუციო ცვლილება ბარიერთან დაკავშირებით შესაძლოა მართლაც ტექნიკური საკითხი იყო, მაგრამ მის მიღებას რომ მმართველი გუნდი არ ჩქარობს, ფაქტია.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით საკონსტიტუციო ცვლილების მიღება „ქართული ოცნების“ გარდა არც „ნაციონალებს“ აწყობთ. თუ ქვეყანაში ვითარება გართულდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდა აუცილებელი, იგი ისევ 12/30 -ის ფორმულით ჩატარდება და არა მხოლოდ პროპორციული სისტემით.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველმა გუნდა და საპარლამენტო ოპოზიციამ შეძლონ შიდაპოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად? რამდენად რეალისტურია 6 თვიანი ვადა, რომელიც ევროკავშირმა მისი რეკომენდაციების შესრულებისთვის დაგვიწესა?

- დღევანდელი გადმოსახედიდან 6 თვიანი ვადა რა თქმა უნდა არარეალისტურია. ქვეყანაში არის მწვავე პოლარიზაცია, ორ ბანაკად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი სადაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლისთვის თამაშია. ასეთ პირობებში ძნელია კომპრომისის პოვნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც ვერ შეძლო ქართული ოპოზიციის და მთავრობის მორიგება, ამაზე მაღალი დონის მედიაცია ბუნებაში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, თითქოს არცერთმა მხარემ სერიოზულად არ მიიღო შარლ მიშელის შუამავლობის მცდელობა. ამის შემდეგ აღარ უნდა იყოს გასაკვირი მიშელის პოზიციაც, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას, მაგრამ არა საქართველოს კანდიდატურას ამ ეტაპზე.

არცერთმა მხარემ სერიოზულად არ მიიღო შარლ მიშელის შუამავლობის მცდელობა. ამის შემდეგ აღარ უნდა იყოს გასაკვირი მიშელის პოზიციაც, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას, მაგრამ არა საქართველოს კანდიდატურას ამ ეტაპზე

მეორე მხრივ, პოლიტიკური კლასის მოუმწიფებლობის გამო ქვეყანა მნიშვნელოვან შანსს უშვებს ხელიდან, რაც ძალიან დასანანია. საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკოსები ასე ზერელედ მოქმედებდნენ და ასეთ შანსებს უშვებდნენ ხელიდან.

იმისთვის რომ პოლარიზაციის და დაპირისპირების მოჯადოებული წრე გაირღვეს საჭიროა, მთავრობა და ოპოზიცია, ყველა პოლიტიკური აქტორი, შეთანხმდეს თამაშის ახალ წესებზე, რომ არჩევნების წაგება არ ნიშნავს თავის დაკარგვას, რომ ახალი მთავრობა არ დაიჭერს წინამორბედს, რომ კოალიციური პოლიტიკა, ვიღაცასთან თანამშრომლობა, დათმობა და კომპრომისი არ ნიშნავს სისუსტეს და ა.შ. ქართველებს მუდმივად მოაქვთ თავი, რომ ისინი არიან ევროპელები.

ევროპული პოლიტიკა დღეს ნიშნავს ამას. თუ ეს ასე არ მოხდება, საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვერც დასავლეთის სხვა სტრუქტურების წევრი, დარჩება დაბალგანვითარებულ, მაჩანჩალა ქვეყნად. თუ საქართველო ადრე თუ გვიან დაუბრუნდება რუსულ ორბიტას, ამაში დამნაშავე იქნება პირველ რიგში პოლიტიკური კლასი.

თუ საქართველო ადრე თუ გვიან დაუბრუნდება რუსულ ორბიტას, ამაში დამნაშავე იქნება პირველ რიგში პოლიტიკური კლასი

- 23 -24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომისაგან, რომელზეც ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

ფაქტია რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს ტოვებს შარლ მიშელის განცხადება - „დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.

ასევე ჯოზეფ ბორელი განცხადება - სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ დავიწყოთ მზადება სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის - ეს არის სიგნალი, რომელიც უნდა გაიგონონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ ექო უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც“, მაგრამ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის პროგნოზირება ჭირს.

ოპტიმისტები, რომლებიც ფარ-ხმლის დაყრა არ სურთ, საბერძნეთის მაგალითს იხსენებენ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როცა საბერძნეთს უნდა მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამ ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ევროპელ პარტნიორებთან.

ჩვენი პრემიერი მას შემდეგ რაც უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე, ჯერ ერევანში გაემგზავრა, ახლა კი დოხაშია. თითქოს კატარის დედაქალაქში წყდებოდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს 23 -24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომისაგან?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ უფრო დიდი ალბათობაა იმისა რომ, ევროპულმა საბჭომ ევროკომისის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაავადოს.

ევროპული საბჭოს დასკვნის ერთ-ერთი ვარიანტში, რომელმაც წინასწარ გამოჟონა, სწორედ მსგავსი ფორმულირებაა. ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ რაც ქვეყანა დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ გაწერილ წინაპირობებს. ამით რეალურად, საქართველოს ხელისუფლებამ და ქვეყანამაც საქმე მხოლოდ გაირთულეს.

ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ რაც ქვეყანა დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ გაწერილ წინაპირობებს. ამით რეალურად, საქართველოს ხელისუფლებამ და ქვეყანამაც საქმე მხოლოდ გაირთულეს

ცოტა მეტი რომ ემუშავა ხელისუფლებას მიშელის დოკუმენტში გაწერილ რეფორმებზე, და მოლდოვას მსგავსად გონივრული და ჰიპერაქტიური დიპლომატია ეწარმოებინა, შესაძლოა საქართველოსთვისაც მიენიჭებინათ უკვე ახლა კანდიდატის სტატუსს და მოთხოვნების ამ უფრო დაგრძელებულ სიასაც აირიდებდნენ თავიდან,

- ვიდრე ევროკომისია საქართველოს უარს ეტყოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემაზე, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრემიერის ჩათვლით აცხადებდნენ, რომ „კანდიდატის სტატუსი“ ბევრი არც არაფერი იყო.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ თუ კარგად დავაკვირდებით, მოსახლეობის უმეტესობამ ვერც იმაზე მიიღო ამომწურავი ინფორმაცია რას ნიშნავს და რა სარგებლის მომტანია ქვეყნის მოსახლეობისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.

ვიცი, რომ ამ თემაზე თქვენი მსჯელობა აქტიურად განიხილებოდა სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში. ეკონომიკურ საკითხებში აშკარად მოვიკოჭლებ, მაგრამ ძალიან საყურადღებოდ მომეჩვენა ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ქართული ბანკები ეტაპობრივად იქნებოდნენ ვალდებული საბანკო სესხები ევროპული, ანუ 2-3%-ის ფარგლებში გვქონდეს.

საბანკო სესხებზე ჩანაწერმა გამახსენა სამარცხვინო ამბავი იმის შესახებ, რომ ჩვენი პენსიონერები სესხს ბანკები 36% აძლევენ ახლა და მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან აიღებენ პენსიონერები სესხებს 26%-ში.

თუ შეიძლება კიდევ ერთხელ აუხსენით ჩვენს მკითხველს კანდიდატის სტატუსის დაკარგვით რა შესაძლებლობებს დაკარგავს ქვეყანა?

- საბანკო სესხების დასტაბილურება უფრო გრძელვადიანი პროცესია და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მოხდება. 2-3%იანი დონის მისაღწევად, მნიშვნელოვანი იქნება ასევე სხვა ნიუანსებიც, მაგალითად შევა თუ არა საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის სავალუტო კავშირსა და ევროზონაში , სადაც შემავალი ქვეყნების ფისკალური და საბანკო პოლიტიკა მჭიდროდ ჰარმონიზებულია ერთმანეთთან ე.წ. მაასტრიხტის კრიტერიუმებით და უფრო ცენტრალიზებულად იმართება ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა სუპრანაციონალური მექანიზმების საშუალებით.

საბანკო სესხების დასტაბილურება უფრო გრძელვადიანი პროცესია და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მოხდება

თუმცა, ყველა ქვეყანა არ ჩქარობს, რომ მიუერთდეს ევროზონას, ვინაიდან ამით ისინი მონეტარულ პოლიტიკაში ავტონომიურობას კარგავენ. მაგალითად, პოლონეთი, შვედეთი, დანია და ა.შ. დღემდე არ არიან ევროზონის წევრი.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ევროკავშირი გაწევრიანებაც კი, ევროზონის გარეშე, დაასტაბილურებს და პოზიტიურ შედეგს იქონიებს საბანკო სესხებზე და ისინი ბევრად უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს არის.

რაც შეეხება იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება, პირველ რიგში მნიშვნელოვნად გაიზრდება ევროკავშირის პირდაპირი ფინანსური დახმარება. შედარებისთვის, სერბეთმა 2007 წლის შემდეგ, ჯერ როგორც პოტენციურმა კანდიდატმა და შემდეგ კანდიდატმა დაახლოებით 3 მილიარდი ევრო მიიღო.

რაც შეეხება იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება, პირველ რიგში მნიშვნელოვნად გაიზრდება ევროკავშირის პირდაპირი ფინანსური დახმარება. შედარებისთვის, სერბეთმა 2007 წლის შემდეგ, ჯერ როგორც პოტენციურმა კანდიდატმა და შემდეგ კანდიდატმა დაახლოებით 3 მილიარდი ევრო მიიღო

ევროკავშირის კანდიდატობა და შემდეგ გაწევრება ასევე პოზიტიურ სიგნალს უგზავნის ინვესტორებს და ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, გაწევრების შემდეგ 50%ით იზრდება უცხოური ინვესტიციების ოდენობა.

რაც მთავარია გაწევრების შემდეგ საქართველოს გაეხსნება წვდომა ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე. შედარებისთვის, ბულგარეთმა, ამ ფონდებიდან 2014-2020 წლებში 11 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 1500 ევროზე მეტი.

ევროკავშირში გაწევრება პერსპექტივაში საქართველოს ასევე მოუტანს ევროკავშირთან სამუშაო მობილობას, თუმცა მანამდეც შესაძლებელია ცალკეულ სფეროებში ევროკავშირის ქვეყნებთან შეზღუდული მობილობის მიღწევა.

ამის მაგალითია ე.წ. ბალკანეთის რეგულაციები, რომელიც ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს გერმანიაში დასაქმების საშუალებას შეზღუდული რაოდენობით.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ასევე მოიტანს მეტ უსაფრთხოებას და დაცულობას.

საქართველოს მოუწევს, უკვე კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის კანონმდებლობის და რეგულაციების გადმოღება, და მათი ცხოვრებაში დანერგვა.

ამის სწორედ განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ექნება უფრო დაცული საზღვრები, შეზღუდული მიგრაცია, მოწესრიგებული ურბანული პოლიტიკა, ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახური და უფრო მაღალი სტანდარტები თითქმის ყველა სფეროში - საკვების უსაფრთხოებიდან, ჰაერის ხარისხით დამთავრებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა