ოთარ შამუგია კომპანიის „არემჯი“ მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და პარლამენტის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები კაზრეთში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანია „არემჯის“ მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა და უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული ის გამწმენდი ნაგებობები დაათვალიერეს, რომელიც მდინარეებს - ფოლადაურს, კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებისგან იცავს.

„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მსხვილმა საწარმოებმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება გონივრულ ვადებში შეძლონ. ამ საწარმოებს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ბევრი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, მათი ფუნქციონირება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენ კომპანიებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამჯერად, გავეცანით და დავათვალიერეთ „არემჯიში“ მიმდინარე სამუშაოები. ვთანხმდებით, რომ ბევრი მიმართულებით არის პროგრესი. თუმცა, ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, არის გარკვეული გადაცდომებიც, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ჩვენ კომპანიებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. პროცესს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, მომავალშიც მუდმივ მონიტორინგს გავუწევთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კომპანიებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მმართველობის გეგმები ევროპულ სივრცეში წინ გადადგმული ნაბიჯია.

მათი შესრულების მონიტორინგს სამინისტრო და პარლამენტი ერთობლივად მომავალშიც აქტიურად განახორციელებენ.

„საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ შედეგებიც გვაქვს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების შედეგად, კომპანიაში „არემჯი გოლდი“, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუმცა „არემჯის“ სხვა კომპანიებთან დაკავშირებით არის კითხვები, არის ხარვეზები და დარღვევები. ვფიქრობთ, რომ კომპანიას ეს დარღვევებიც ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწორებინოთ",- განაცხადა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა, ნინო ბურჭულაძემ.

უწყების ინფორმაციითვე, ოთხი წლის წინ, კომპანიას, სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან, გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიას 100-ზე მეტ პუნქტში მიწერილობა ჰქონდა. მათი შესრულებისთვის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულების ეტაპზეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს