საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე დიდი ბრიტანეთის კილის­ უნივერსიტეტის ინოვაციების მრჩეველს, ემმა ბონფოლიოს და ბიზნესის სკოლის დირექტორს, კოლინ რიგბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა, რომელსაც სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანები ესწრებოდნენ, გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მხარეებმა ერთმანეთს პროგრამის - „კრეატიული ნაპერწკალი“, ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუმრებს იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელშიც სტუ-ის, როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე, სტუდენტები არიან ჩართულნი.

„უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების წარმატებასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, მზადაა თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პროექტებში, ასევე, გაცვლით პროგრამებში. უნივერსიტეტი 30 წელზე მეტია, რაც სამეწარმეო მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობების მეტად მყარი განვითარებისთვის, კარგი იქნება თუ საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებით გავძლიერდებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით ახალი ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია თანამშრომლობა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ასევე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით გავაღრმაოთ. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და უნივერსიტეტი არათუ მხარს გიჭერთ, არამედ ყველა პროექტში ჩართული იქნება“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დირექტორის კოლინ რიგბის განცხადებით, უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მეწარმეობის და სამეწარმეო განათლების მიმართულებებით მობილობის და გაცვლითი პროგრამების გაძლიერებას გეგმავს.

„ჩვენ მობილობის დიდი ისტორია გვაქვს. ეს ეხება როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს და ის, ძირითადად ფოკუსირებულია მეწარმეობასა და სამეწარმეო განათლებაზე. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ გაცვლით პროგრამებს პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ უჭერს მხარს. ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ ჩვენ უკვე ვცდილობთ, სხვა ტიპის მხარდაჭერა მოვიპოვოთ. სამეწარმეო მიმართულებით ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას დიდი ინტერესით ველოდები, როგორც სწავლებაში, ასევე კვლევაში. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უნივერსიტეტი, როგორიც ასწლოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია, ყველა მიმართულებით ითანამშრომლებს. ეს კი კილის უნივერსიტეტისა და სტუ-ის მდგრადი მომავლის შესაქმნელად წარმატებული, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დირექტორმა, კოლინ რიგბმა.

კილის უნივერსიტეტის ინოვაციების მრჩეველმა, ემმა ბონფოლიომ აღნიშნა, რომ კილის უნივერსიტეტი მზადაა ორი უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა პროექტზე ერთობლივად იმუშაონ.

„ჩვენ გვქონდა საუბრები იმის შესახებ, რომ კილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად იმუშაონ. ეს თანამშრომლობა უკვე არსებულ თანამშრომლობას დაეფუძნება. სტუ-ის ერთი სტუდენტი კილის უნივერსიტეტში უკვე მუშაობს. ვფიქრობ, ასეთი და უფრო ღრმა ურთიერთობები უკეთესი მომავლის გარანტიაა და მადლობა თქვენ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კილის უნივერსიტეტის ინოვაციების მრჩეველმა, ემმა ბონფოლიომ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ სტუმრები ოქტომბრის თვეში დაგეგმილ, სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა