ROSC - საბანკო სექტორი ჯანსაღი კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოში მოწინავეა

ქართული საბანკო სექტორისთვის შემუშავებული კორპორაციული მართვის ჩარჩო გამართული და ყოვლისმომცველია და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება - ამის შესახებ აღნიშნულია სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების (ROSC) შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში, რომელიც კორპორაციული მართვის სფეროში 2002 წელს სტანდარტებისა და კოდექსების პირველად განხორციელებული შეფასების განახლებაა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ROSC-ი საქართველოში კორპორაციული მართვის პოლიტიკის ჩარჩოს 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით განიხილავს, ხაზს უსვამს კორპორაციული მართვის რეგულაციების ბოლოდროინდელ გაუმჯობესებას, ფაქტობრივ პრაქტიკას აანალიზებს, განხორციელების და პოლიტიკის რეკომენდაციებს იძლევა და ინვესტორებს საბაზისო ნიშნულს აძლევს, რომლის მიმართაც საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა უნდა შეფასდეს.

„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომერციული ბანკებისთვის 2018 წლიდან ამოქმედებული კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც საქართველოში ყველა ბანკისთვის სავალდებულოა, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის კორპორაციული მართვის პრინციპებს ზედმიწევნით შეესაბამება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ:

  • კოდექსი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებულ ასპექტებს მოიცავს, როგორიცაა ESG საკითხებისა და რისკების საბჭოში განხილვა და ESG საკითხების გამჟღავნების შესახებ მოთხოვნები;
  • საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, კოდექსში გენდერული მრავალფეროვნების მოთხოვნაა გათვალისწინებული;
  • კოდექსი ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ უამრავ დახვეწილ და მოწინავე დებულებას მოიცავს, მათ შორის, ცვალებადი ანაზღაურების შემცირებისა და დაბრუნების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, კორპორაციული მართვის კოდექსი ბანკებისათვის რისკების მართვის თანამედროვე ჩარჩოს აყალიბებს. დადებითად არის შეფასებული კორპორაციული მართვის მთლიანი სტრუქტურა და აღნიშნულია, რომ სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორთა საბჭოსთან ერთად, რისკის მართვის ჩარჩოების შემუშავებასა და დამტკიცებაზეა პასუხისმგებელი. დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს ასევე შიდა აუდიტის ფუნქციის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა ევალებათ, ხოლო საბჭოს აუდიტის კომიტეტი შიდა და გარე აუდიტორებს შორის ადეკვატურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული სტანდარტების დანერგვაზე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კომერციული ბანკები შესაბამის სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებენ.

პროგრამის ფარგლებში, მარეგულირებელ ჩარჩოსთან ერთად, სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვისა და გამოყენების საკითხიც შეფასდა. ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორი კარგი კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოში მოწინავეა. საბანკო სექტორმა განახლებული პოლიტიკები დანერგა, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოები დამოუკიდებელი წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობით, საბჭოს კომიტეტების სრული ნაკრები და სამეთვალყურეო საბჭოების მკაფიო პასუხისმგებლობა რისკების მართვაზე, შიდა კონტროლსა და შიდა აუდიტორზე.

შეფასების ანგარიში კორპორაციული მართვის ჩარჩოს ხუთი ძირითადი მიმართულებით შეფასებას და თითოეული მიმართულების გაუმჯობესებისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. ანგარიში არსებითად, Dentons Georgia-ს მიერ ჩატარებულ ქვეყნის დეტალურ შეფასებას (როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის კუთხით), ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, შეფასების პროცესში ჩატარებულ კვლევებს დაეფუძნა. რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშშია მოცემული, მთელ რიგ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე, სახელმძღვანელოსა და პრაქტიკაზე და მსოფლიო ბანკისა და სხვათა მიერ წარმოებულ უახლეს ხელმისაწვდომ კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის ცნობით, ROSC-ის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, შესაბამისი მონაწილე მხარეების, მათ შორის, ბანკების, ინფორმირებულობისა და კორპორაციული მართვის მნიშვნელობის აღქმის ზრდა აჩვენა.

"ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულმა კორპორაციული მართვის კოდექსმა ბანკების კორპორაციული მართვის პრაქტიკაზე მნიშვნელოვნად და დადებითად იმოქმედა. კოდექსით საბჭოში დამოუკიდებელი წევრების რაოდენობის მინიმალური მოთხოვნა დადგინდა. შედეგად, 2019 წლიდან დღემდე დამოუკიდებელი წევრების წილი გაიზარდა. ასევე, საბჭოს წევრ ქალთა წილმაც დადებითი დინამიკა აჩვენა. კერძოდ, მათი წილი საბჭოებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც კოდექსში გათვალისწინებული გენდერული მრავალფეროვნების მოთხოვნის პირდაპირი შედეგია. ეროვნული ბანკი, კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებაზე მუშაობას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით კვლავაც განაგრძობს, მათ შორის, ROSC-ის შეფასების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა