პრემიერი - ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა - „ქართულმა ოცნებამ“  ხალხის წინაშე ყველა პირობა შეასრულა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა - „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინაშე ყველა პირობა შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 85% ევროპულ პერსპექტივას ითხოვს და ხელისუფლება „ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ემსახურება“ ხალხსა და ქვეყანას.

„მე და ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ჩვენ არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ჩვენ როგორ შეგვეძლო, რომ ევროპის მაგივრად ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. კანდიდატის სტატუსი სამი ქვეყნიდან მიეცა ორს და ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. ორ ქვეყანას - უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრა მთელი რიგი პირობები, ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ჯერ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება, შემდეგ კი განესაზღვრა, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა ის პირობა. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების საჯარო, ძალიან მკაფიო, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გაკეთებული განმარტება, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ უკრაინას, რადგან ის არის ომში. მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ის წევრი ქვეყანა, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვს ჩასატარებელი, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ, უტრირებულად რომ ვთქვა, გასულ საუკუნეში დავასრულეთ. ჩემს პოზიციას არ ვცვლი - თუ ვინმე იმსახურებდა ამ სტატუსს, დღესაც ვთვლით, რომ ამ სამ ქვეყანას შორის ბევრად წინ ვართ.

სტატუსზე გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება ბატონმა მიშელმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბატონმა მაკრონმა, ყველამ თქვა, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს. ამ 12 პირობიდან მთავარი პირობა, პოლარიზაციის, ამ დაძაბულობის დასრულება არის ერთობლივად განსახორციელებელი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე და ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ვიღებთ საჯარო ვალდებულებას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა დადასტურებული, გაცხადებული საჯაროდ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა