BAG ინდექსი - უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიუხედავად, წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა 2022 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნებულია.

BAG-ის ცნობით, ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ დადებითად შეფასდა, როგორც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისე მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი. შესაბამისად, დადებითი შეფასება ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელზეც აისახა, რომელმაც 38.4 ქულა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ოთხ სექტორში ერთიანდება: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა, ხოლო თავად BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა მაისის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.

„სექტორული შეფასებიდან გამოსაყოფია მრეწველობა, სადაც მიღებული შედეგი წინა კვარტალთან შედარებით არსებული მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითად შეფასების გამო მნიშვნელოვნად გაუარესებულია, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმ კომპანიების პრობლემების ასახვაა, რომელთა წარმოებული პროდუქციის სამიზნე ბაზრებად უკრაინა და რუსეთი განიხილებოდა. რაც შეეხება ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებს - 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში გაუმჯობესებულია, როგორც ბიზნეს კლიმატის, ისე მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი.

რაც შეეხება მომდევნო კვარტლის მოლოდინებს - საზოგადოდ, შეფასებები დადებითია, თუმცა მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში განსახილველი მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია გარკვეულწილად შენელებულია, რაც, ძირითადად, ამ სექტორებში გამოკითხული კომპანიების ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზით არის გამოწვეული. კერძოდ, ამ სექტორებში კომპანიები მესამე კვარტალში გასაყიდი პროდუქციის ფასების ზრდას პროგნოზირებენ, რამაც თავის მხრივ, გაყიდვების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

აქვე გამოსაყოფია ვაჭრობის სექტორი, რომელსაც მომდევნო 6 თვეში ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ზემოხსენებულს, შესაძლოა მომდევნო კვარტალში გაყიდვების ზრდის მოლოდინი განაპირობებდეს, რომელსაც კომპანიათა 69% აფიქსირებს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მოლოდინი წინა კვარტლებთან შედარებით გაცილებით ოპტიმისტურია, კერძოდ, მიმდინარე კვარტალში ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა კოვიდპანდემიამდე (2019 წლის IV კვრტ.) არსებულ მაჩვენებელს 3.4 ქულით გადააჭარბა და ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია (56.5 ქულა).

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს ემყარება. შესაბამისად, BAG ინდექსი საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა