საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა, იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა: განათლება, ინჟინერია, სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, ჯანმრთელობა, სოფლის მეურნეობა. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.
რექტორის განცხადებით, კონფერენციის მიზანია წამყვანი მეცნიერების ერთმანეთთან მჭირდო კავშირი და სიახლეებისა თუ გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროცესებში საქართველოსა და საერთაშორისო მკვლევრების ჩართვა.
„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ პანდემიის შემდგომი ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება და რომელშიც საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 200-ზე მეტი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს. ეს კონფერენცია ერთგვარი ხიდია. მისი მეშვეობით აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ერთმანეთს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ახალ იდეებსა და სიახლეებს გაუზიარებენ. კონფერენციის მიზანია, მჭიდროდ დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა ქვეყნის წამყვან დარგებში მოქმედი მეცნიერები და მკვლევრები. ასევე, კონფერენცია აკადემიურ პერსონალსა და დარგის ექსპერტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებთან შეხვედრისა და ურთიერთობის შესაძლებლობას, ხელს უწყობს მათ სამომავლო კოლაბორაციას, რაც 21-ე საუკუნეში მიმდინარე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციამ ორი დღე იმუშავა. კონფერენციის მონაწილეები შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზრდასრულთა განათლება, ბიზნეს-განათლება, ადვოკატთა განათლება, ვირტუალური განათლება, განათლების პოლიტიკა და ლიდერობა, სამოქალაქო ინჟინერია და არქიტექტურა, ავტოწარმოება, ბიო და ბიოსამედიცინო ინჟინერია.