საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპარლამენტის წევრის, პოლონელი სოციოლოგის, ბრემენისა და ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშჩინსკის უნივერსიტეტის პროფესორის, კრაკოვის აკადემია Ignatium-ის საგანგებო პროფესორის, ევრო-პარლამენტში ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, ზდისლავ კრასნოდებსკის ონლაინ საჯარო მოხსენება - „ევროკავშირის ძირითადი პრობლემები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, პოლონელი პროფესორის საჯარო მოხსენებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროფესორ კრანოდებსკის ონლაინ საჯარო ლექცია სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
ონლაინ საჯარო ლექცია სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.
რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ონლაინ საუბრებით“ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში მოღვაწე კოლეგებთან შეხვედრების ტრადიციას აგრძელებს.
„ონლაინ შეხვედრების ფორმატი რამდენიმე წელია დავნერგეთ. უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საჯარო ლექცია ჩატარდა. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგესთან, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელთან, პროფესორ მარკუს გაბრიელთან მნიშვნელოვანი და აქტუალური ონლაინ საუბარი გაიმართა. ასევე, ამავე ფორმატში საუბარი პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკისთან შედგა, რა დროსაც ჩვენ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შევეხეთ, როგორიცაა: სოლიდარობის საკითხი ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით Covid-19-ით გამოწვეული სირთულეების ჟამს, ევროკავშირის მომავალსა და საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოებისა, აგრეთვე, მხარდაჭერას მისი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ამჯერად, პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკიმ უმნიშვნელოვანეს თემაზე ამომწურავად ისაუბრა, როგორიცაა ევროკავშირის ძირითადი პრობლემები, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
სტუს-ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრი, ცნობილი პოლონელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ზდისლავ კრასნოდებსკი სხვადასხვა დროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კასელის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, ბრემენის უნივერსიტეტის სტუმარ-პროფესორი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კულტურის ისტორიის მიმართულებით, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისმცოდნეობის სემინარის ხელმძღვანელი, ბრემენის უნივერსიტეტის პოლონური კულტურის ინტერდისციპლინური მიმართულების ხელმძღვანელი და ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშჩინსკის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. 1995 წლიდან დღემდე ის ბრემენის უნივერსიტეტის სრული პროფესორია, 2011 წლიდან კი - კრაკოვის აკადემია Ignatium-ის საგანგებო პროფესორი. 2017-2019 წლებში პროფესორი კრასნოდებსკი ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.