მეცნიერები, მკვლევარები და ექსპერტები პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, აჩვენონ სახელმწიფოებრივი მიდგომები და ევროკავშირის პირობები შეასრულონ

მეცნიერთა, მკვლევართა და ექსპერტთა წარმომადგენლები პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებენ, აჩვენონ სახელმწიფოებრივი მიდგომები პოლიტიკურ ქცევებში და აღასრულონ ყველა ის პირობა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს. ამასთან, პროფესორები პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, ევროკავშირის დათქმული პირობები გამოიყენონ ქვეყნისათვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად, რათა მოხდეს საქართველოს მომზადება ევროკავშირში.

ამის შესახებ მიმართვის საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს 41 პროფესორი აწერს.

„ევროპული არჩევანი არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოს კონსტიტუციით დაცული ურყევი ნება. საქართველოსთვის ამ ისტორიულ დროს, სასიცოცხლოდ არსებითია, საქართველოს პოლიტიკურმა სუბიექტებმა იპოვონ ძალა, რომ გაერთიანდნენ საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნის განსახორციელებლად. საქართველოს მოქალაქეებს არაერთხელ განუცდიათ რუსული აგრესია და ყოველ ჯერზე უდრეკად იცავდნენ საკუთარ სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ აჩვენა ერთობა და მტკიცე მხარდაჭერა დემოკრატიული ფასეულობების მიმართ.

ევროპული ინტეგრაცია და ევროპული ფასეულობებით განვითარება საქართველოს ხალხისა და ქვეყნის საერთო მონაპოვარია. უახლეს ისტორიაში, ევროპული ინტეგრაციის პროცესებს საფუძველი ჩაეყარა 90-იან წლებში და მას შემდეგ ურყევი მემკვიდრეობითა და უცვლელი ნებით აღასრულებდა ყოველი ხელისუფალი.

თითოეულ მთავრობასა და სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას აქვს დამსახურება საქართველოს ევროპული პროგრესის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა არ დაიყოფა დროის ფრაგმენტებად და ევროპული ინტეგრაცია არ არის ვიწრო ჯგუფებისა თუ პარტიების კუთვნილება. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის საწინდარი განვითარების, გაძლიერებისა და ჩვენი სახელმწიფოს საფრთხეებისგან დაცვის.

საქართველომ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ამავე წლის 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა შეფასება, რომლის მიხედვითაც ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და შეფასებაში მითითებული 12 რეკომენდაციის შესრულების პირობით მიანიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ევროპული საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის დასკვნით, ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და აღნიშნა, რომ „ევროპული საბჭო მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც განიხილება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით“.

რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ მოხსენებას ევროკომისია 2022 წლის ბოლოს წარუდგენს ევროპულ საბჭოს. აქვე ევროკომისია იტოვებს უფლებას, ეს ნაბიჯები უკან შეაბრუნოს, თუ აღნიშნული რეკომენდაციები არ შესრულდება.

ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს (როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში): ევროკავშირის სხვა მოთხოვნილ პირობებთან ერთად, ყურადღება მიაქციოთ ევროკომისიის შეფასების ჩანაწერს, რომელიც ცალსახად და ღიად ცნობს საქართველოში ჩატარებული ეროვნული და ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას, მიუთითებს „ზედმეტად გაყოფილ პოლიტიკურ სივრცეზე“ და მოუწოდებს მხარეებს ამ „პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრისა“ და „დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებისკენ“, ასევე „პირადი ინტერესების აღმოფხვრისკენ“; აჩვენოთ სახელმწიფოებრივი მიდგომები თქვენს პოლიტიკურ ქცევებში და აღასრულოთ ყველა ის პირობა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან; ევროკავშირის დათქმული პირობები გამოიყენოთ ქვეყნისათვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად, რათა მოხდეს საქართველოს მომზადება ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საქართველოს მოქალაქეების ნათელი და ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად; გადადგათ შემდეგი ნაბიჯები პოლიტიკური ერთიანობის უზრუნველსაყოფად - უარი განაცხადოთ ურთიერთბრალდებებზე და პატივი სცეთ პოლიტიკურ ინსტიტუტებს; საქართველოს მხარდასაჭერად გააძლიეროთ ევროპელ პარტნიორებსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან ერთობლივი სტრატეგიული კომუნიკაცია, მათ შორის ევროპარლამენტარებსა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ჯგუფებთან; გამოიყენოთ პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსი, მათ შორის ევროპულ პოლიტიკურ პარტიებში თქვენი წევრობა იმისათვის, რომ ევროპული პოლიტიკური ჯგუფები და ლიდერები დაარწმუნოთ იმაში, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს; შექმნათ ერთობლივი კონსტრუქციული თანამშრომლობის პოლიტიკური ფორმატი, რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ურთიერთბრალდებებისა და მწვავე პოლიტიკური პოლარიზების გარეშე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც სახელმწიფოს მართვაზე პასუხისმგებელს, პირველმა გადადგას ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ინტეგრირება მოხდეს ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინების პროცესში და მათ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღონ კოლექტიური პასუხისმგებლობა.

ამ მოწოდებაზე ხელისმომწერ მეცნიერებს, მკვლევრებსა და ექსპერტებს საქართველოს ევროპული, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავლის სურვილი გვაერთიანებს.

აქვე, ჩვენს მოწოდებას ვასრულებთ უინსტონ ჩერჩილის სიტყვით „აღსდეგ ევროპა“, რომელიც მან წარმოთქვა 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხის უნივერსიტეტში - „ჩვენ ყველამ ზურგი უნდა ვაქციოთ წარსულის საშინელებებს. ჩვენ მომავალს უნდა შევხედოთ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მომავალი წლების განმავლობაში ვატაროთ სიძულვილი და შურისძიების გრძნობები, რომლებიც წარმოიშვა წარსულის ტკივილებისგან. თუ ევროპა უნდა გადაურჩეს გაუთავებელ უბედურებებსა და საბოლოო დაცემას, მაშინ ევროპული ერების ოჯახში უნდა გაჩნდეს ეს ნდობისა და წარსულის დანაშაულების და გიჟური ქმედებების დავიწყების აქტი“, - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: ზარინა ბურკაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი; ნონა გელაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი; ეკა ქარდავა, ჟან მონეს პროფესორი, სამართლის დოქტორი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი; გიორგი რუსიაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ხაზალია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი; გვანცა მაღრაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი; გრიგოლ ჩხაიძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი; ეკატერინე გასიტაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სულხან-საბას უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თამარ ბერიშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; ირაკლი ბურდული, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი; ლევან გოთუა, სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; მორის შალიკაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ქეთავან მაკარაძე, მოწვეული ლექტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ალექსანდრე დევიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლევან ცაგარელი, პროფესორი, დოქტორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი სანიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის პროფესორი; დათო ლაღიძე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტი, მკვლევარი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; ანა ფირცხალაშვილი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა სამართლის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; ირაკლი სამხარაძე, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; დიმიტრი გეგენავა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, პროფესორი; მათე ხვედელიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, აფილირებული ასისტენტი; მაკა ფარცვანია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, აფილირებული ასისტენტი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; თორნიკე შარაშენიძე, დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; ლევან თოთლაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(ჯიპა) ასოცირებული პროფესორი. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ქეთევან კალანდაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისგრო პროგრამის ხელმძღვანელი; ქრისტინა ქარდავა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თეიმურაზ გვანცელაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და აფხაზოლოგიის პროფესორი; სოფიკო ჭაავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი; სოლომონ მენაბდიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისსახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; დავით გეფერიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ნინო ბოგვერაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თამარ მესხია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის; მოწვეული ლექტორი საპროკურორო სამართლის, მოწმის დაკითხვის მეთოდებსა და შედარებით სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით ევროპის უნივერსიტეტი; გიორგი მჭედლიშვილი, ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მაია მანჩხაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასისტენტ პროფესორი; ექსპერტები და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები; გურანდა ჭელიძე, ისტორიის დოქტორი; ვლადიმერ სვანაძე, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი; თორნიკე შურღულაია, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, დოქტორი, პროფესორი; ქეთი გრძელიძე, ფილოლოგიის დოქტორი; ირაკლი ჯაფარაშვილი, ჰამბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი; ლევან კახიშვილი, ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტი ანალიტიკოსი.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე