„ჯანდაცვის ასოციაცია“ - ჯანდაცვის მომსახურების ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან

ჯანდაცვის მომსახურების ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯანდაცვის ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ გამოწვევად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები რჩება და 2013 წლის შემდგომ სახელმწიფოს ტარიფისთვის არ გადაუხედავს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, 2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის მოხდა შეთანხმება მომსახურების ფასზე, რომლის ცვლილების უფლებაც კლინიკას არ აქვს. კლინიკებს გაზრდილი ხარჯისა და პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე უწევთ ოპერირება, რაც საბოლოო ჯამში, პაციენტის მომსახურების ხარისხზე აისახება.

ასოციაციის ინფორმაციით, 2013 წლის შემდგომ ჰოსპიტალური სექტორის ხარჯის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, კომუნალური გადასახადების ზრდამ და ინფლაციამ. 2019 წელს სახელმწიფომ ნორმატიული აქტის სახით 520-ე დადგენილება მიიღო, რომლითაც სახელმწიფოს დანახარჯი დაფიქსირდა. აღნიშნული დადგენილებით ტარიფები არათუ გაიზარდა, არამედ კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი გაწეული მომსახურების ხარჯს ვერ ფარავს.

„ჩვენი ჯანდაცვა დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზე დგას. უცხოეთიდან შემოდის წამლები, გადასასხმელი ხსნარები, ქირურგიული ინვენტარი, ერთჯერადი მასალა და სადიაგნოსტიკო აპარატურა, მათ შორის, საოპერაციო მაგიდებიც და პალატაში რომ დგას, ის საწოლიც და ტუმბოც. ბრმა ნაწლავის ოპერაციის ხარჯის, დაახლოებით 45% უცხოურ ვალუტაზე ნაყიდი პროდუქციაა. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა 2013-2020 წლებში თითქმის 100%-ით გაუფასურდა, გამოდის, რომ 2000-ლარიანი ოპერაციის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებული ხარჯი 2013 წელს იყო 900 ლარი, მაშინ, როცა 2020 წელს იგივე მასალის შესყიდვას 1800 ლარი სჭირდება“-აღნიშნავს ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი გიორგი გოცაძე.

„დღევანდელი გამოწვევების შეუსაბამო ტარიფები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. პირველ რიგში, ამის მიზეზია მედპერსონალის ანაზღაურება, რომელიც, უცვლელი რჩება ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების ფონზე. ეს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, პაციენტს, დემოტივირებული პერსონალი ხვდება, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექთნების და სანიტრების შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც ისედაც მცირეა. მეორე ფაქტორი, რაც მომსახურების ხარისხის სასიკეთოდ არ მოქმედებს არის მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მედიკამენტების და სახარჯი მასალის შედარებით ხელმისაწვდომი ჩინური/ინდური წარმოების მედიკამენტებით და სახარჯებით ჩანაცვლების პრაქტიკა. გარდა ამისა, ხარჯის დაფარვასა და დაზოგვაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვნად აფერხებს სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სამედიცინო დაწესებულებისთვის მოგების გენერირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საჭიროა მუდმივი რეინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში. იმისთვის, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებს, რაც, მაღალკვალიფიციურ პერსონალთან კომბინაციაში, მაღალ სამედიცინო ხარისხს და საუკეთესო სამედიცინო გამოსავალს გულისხმობს“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა.

როგორც „ჯანდაცვის ასოციაციაში“ აცხადებენ, ტარიფების ინდექსაციის მოთხოვნით, 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის ასოციაციის სახელით.

„ცხრა თვეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ტარიფების ინდექსაციის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. შევიმუშავეთ კონკრეტული მეთოდოლოგია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ტარიფის დათვლა. ათობით სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ ჯანდაცვის სამინისტოსთან. მუშაობის პროცესში შეიცვალა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელთანაც ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები აღიარებენ ტარიფების გადახედვის საჭიროებას, კონკრეტული ნაბიჯები ან ცვლილება დღემდე არ განხორციელებულა. სამინისტროსგან ჩვენ ველით კონკრეტულ პასუხს, თუ რა პროცენტით მოხდება რეანიმაციული და კარდიოლოგიური სერვისების ინდექსაცია. თუმდა ახლა დაიწყო საუბარი რეანიმაციის სტანდარტის შექმნაზე და დრჯ (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვაზე, რომელიც ინდექსაციის პროცესს კვლავ დროში გაწელავს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სამედიცინო პროცესის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან, რაც საბოლოოდ პაციენტს დააზარალებს, ვინაიდან გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი“, - აღნიშნავს ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი, ნინო კიკნაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა