ძლიერმა წვიმამ მცხეთა-მთიანეთში რამდენიმე ოჯახს პრობლემა შეუქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ განუცხადა, სოფელ მლეთაში 2 ოჯახი გამოიყვანეს საცხოვრებელი სახლიდან. ამ დროისთვის ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები.
„კორშამდეა გზა აღდგენილი, შემდეგ საავტომობილო გზა არ არის. მოსახლეობასთან გვაქვს კომუნიკაცია, გუშინ ინტენსიურად ხორციელდებოდა ფრენები, ვინც ჩარჩენილი იყო და საფრთხის გამო ითხოვდა ადგილიდან გამოსვლას, გადმოვიყვანეთ. ჟინვალი-შატილი-ბარისახოს მონაკვეთზე დღესაც იყო პატარა მეწყერი, რომელიც გაიწმინდება. შატილისა და არხოტისკენ მიმავალი გზა ეტაპობრივად გაიწმინდება. ბარისახო- კორშას მონაკვეთზე საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ჩანგრეული, დაახლოებით გზის 5 ლოკაციაზე და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მლეთაში გუშინწინ ღამით, 2 ოჯახის გამოყვანა გახდა საჭირო. გუშინ, როგორც კი დაიკლო წყლის დონემ სამუშაოები დაიწყო.
ქონების დაზიანებასა და ნგრევაზე შეტყობინება არ ყოფილა. მდინარის გარკვეულ მონაკვეთებთან სიახლოვეს, სადაც იყო ნაკვეთები და ეზოები, დაიტბორა. სამაშველო სამსახური ახორციელებდა ამოტუმბვის სამუშაოებს“,- აღნიშნავს დავით ნოზაძე.
შეგახსენებთ, რომ 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. ამასთან, გუშინ, ფშავში, ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი ოპოვეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"