სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უფლებადამცველებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს რეკომენდაციით შემუშავებული დოკუმენტი გააცნო

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - “ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კოკა კაციტაძემ შეხვედრის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციისა და პრაქტიკის საფუძველზე შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და მასალების გაცნობის საშუალება, არა მხოლოდ დაზარალებულს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საგამოძიებო უწყება დაზარალებულის სტატუსის არმქონე პოტენციურ მსხვერპლს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის ჩართვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, ეფექტური, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციისა და პრაქტიკის საფუძველზე შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი დღეს უფლებადამცველ ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ქმნის ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტს, როდესაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და მასალების გაცნობის საშუალება, არა მხოლოდ დაზარალებულს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება. ეს კიდევ უფრო მეტად ღიას და გამჭვირვალეს გახდის საგამოძიებო პროცესს“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია მსხვერპლისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის კონკრეტული ვადები და წესები, ასევე, ინფორმაციის მიწოდების პროცედურა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა მსხვერპლის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით. საიას ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად წარმოვადგენთ მსხვერპლთა დაცვის ორგანიზაციას, ხშირად გვიწევს მსხვერპლის დაცვა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც პოზიტიურად განვავითარებთ და გავაგრძელებთ ჩვენ თანამშრომლობას და დავაკვირდებით უშუალოდ ამ დოკუმენტის პრაქტიკაში მუშაობის პროცესს“, - განაცხადა საიას წარმომადგენელმა ფატი ჩაფიძემ.

„ჩვენთვის, როგორც სახალხო დამცველის აპარატისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ინიციატივები, რადგან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მაქსიმალურად ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება. ეს არის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება მსხვერპლს, რომ მისი ინტერესები, მისი კანონიერი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. წარმატებებს ვუსურვებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ინიციატივის განხორციელებაში.“ - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გვანცა ჩხაიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მისი შექმნის დღიდან, დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 14 ივნისს N967 შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაცია განმარტავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას უნდა მოხდეს დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მსხვერპლთა ინტერესების დაცვისა და მათი უფლებების გამოყენების მიზნით სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავად მსხვერპლისათვის.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პოტენციურ მსხვერპლთა უფლებების დაცვის და გაუმჯობესების თაობაზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებით და პრაქტიკის გაანალიზებით მოხდა, რაც მისი ხელმოწერისთანავე, 2022 წლის ივლისიდან ამოქმედდება.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო