მიხეილ ჩხენკელმა „მშვიდობის კორპუსი - საქართველოს“ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, რაიან ჰარისთან ერთად, საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ წარმომადგენლებს, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის მთავრობას, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით ქვეყნის განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ ახალი ოფისის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მივიღო.

ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, განათლების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ვისაუბრო, რასაც საქართველოს მთავრობა და ხალხი დიდად აფასებს.

წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერა, ქვეყნის გრძელვადიან მიზნებთან, სისტემის განვითარების მიმართულებით, სრულ შესაბამისობაშია.

განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ მიერ განხორციელებული იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების განვითარებას მხარს უჭერს.

საქართველოს მთავრობამ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების მასპინძლობის სურვილი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოთქვა და შედეგად, დღეს ჩვენ ორ ათწლეულზე მეტი თანამშრომლობის ისტორია გვაქვს. 2001 წლიდან საქართველოში, მშვიდობის კორპუსში 900-ზე მეტი მოხალისე მსახურობდა. მსურს ხაზი გავუსვა თითოეული ამერიკელი მოხალისის შრომასა და ძალისხმევას, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას დასავლურ კულტურასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ცოდნასა და უნარებს უზიარებდნენ, რამაც უკეთესი მომავლის მშენებლობას შეუწყო ხელი. „მშვიდობის კორპუსის“ მუშაობას ასე მნიშვნელოვანს სწორედ ეს ხდის.

სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ პროგრამებისა და სხვა პროექტების განხორციელება შეაფერხა. მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამები კვლავ განახლდება და მოხალისეთა შემდეგი ჯგუფი, ქვეყანაში სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვალში ჩამოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მრავალი წელია „მშვიდობის კორპუსთან“ წარმატებით თანამშრომლობს და მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

მოხარული ვარ, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობის სიგელი გადავცე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაში, სხვა სტუმრებთან ერთად მონაწილეობა ასევე, „მშვიდობის კორპუსის“ გლობალური ოპერაციების ასოცირებულმა დირექტორმა, სკოტ ბიელიმ „მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის“ გლობალურმა დირექტორმა, სარა დიჩმა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ დირექტორმა, ჯეფრი გოვეიამ მიიღეს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების“, „მოკლევადიანი მხარდაჭერისა“ და „ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების“ პროგრამები ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2018-2020 წლებში, საქართველოს 11 რეგიონის საჯარო სკოლებში, წელიწადში 85-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი მსახურობდა. მოხალისეები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მუშაობდნენ და ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს პროფესიული მიზნების მიღწევაში ეხმარებოდნენ. „მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები ასევე, ინგლისური ენის ცოდნის, მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარებისა და სხვა მიმართულებით, პროფესიული კოლეჯებისა და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ეხმარებოდნენ.

დღეისათვის საქართველოში მოხალისეების საქმიანობა გლობალური პანდემიის გამო დროებით შეჩერებულია. „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ მოხალისეები ქვეყანაში 2023 წლის თებერვალში ჩამოვლენ.

„მშვიდობის კორპუსი“ 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის მხარდასაჭერად დაარსდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლებში, არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მეწარმეებთან, ახალგაზრდების განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მასპინძელი თემის განვითარების მიზნით მუშაობენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო