ეკა ადამია - პირველი აპრილიდან დღემდე, ელექტრონული სახით, 1 მილიონზე მეტი რეცეპტია გამოწერილი

პირველი აპრილიდან დღემდე, ელექტრონული სახით, 1 მილიონზე მეტი რეცეპტია გამოწერილი - ასევე, 11 აპრილიდან 700 ათასზე მეტი ელექტრონული რეცეპტია გამოწერილი და მათ შორის, 80%-ზე მეტი გენერიკული სახით არის, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, აფთიაქები ვალდებულები არიან, რომ მედიკამენტები ელექტრონული რეცეპტით გასცენ.

მანვე განმარტა, რომ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ, კონკრეტული აფთიაქები მოწმდება და სიახლის დანერგვიდან დღემდე 900-მდე აფთიაქი შემოწმდა, საიდანაც 600-ზე მეტ აფთიაქში მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემა არ ხდებოდა.

„აპრილიდან ძალაში შევიდა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, რომელიც გულისხმობს მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროგრამის და ასევე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოწერა. ასევე, დაინერგა გენერიკული რეცეპტის პროგრამა და ექიმის მიერ გამოწერილი გენერიკული რეცეპტის შემდეგ ყველა აფთიაქი ვალდებულია, რომ პაციენტს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი, კონკრეტული გენერიკის შესაბამისი სავაჭრო დასახელების პროდუქტი სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოზიტიური მედიკამენტების სიიდან. ეს სიახლეები უკვე ძალაშია და მიმდინარე პროცესში გამოიკვეთა უკვე ის სარგებელი, რაც მოყვა ამ პროგრამას და ასევე, არის თემები, რაც საჭიროებს დაზუსტებას.

ჩვენ აქცენტირება უნდა გავაკეთოთ იმ თემაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტის ვიზიტი ექიმთან, როცა მას ესაჭიროება ელექტრონული რეცეპტის გამოწერა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეს ვიზიტი ყველასთვის არის უფასო. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციით და ასევე, მიიღონ შესაბამისი მედიკამენტისთვის სამკურნალო-ელექტრონული რეცეპტი. ყველა ექიმს აქვს შესაძლებლობა, რომ ელექტრონული რეცეპტი გამოწეროს ხანგრძლივი ვადით. ასევე, ხაზი უნდა გაესვას, რომ არ არის აუცილებელი ყოველჯერზე, როდესაც პაციენტს აქვს ექიმთან ვიზიტი, მას დაენიშნოს სრული დიაგნოსტიკური სპექტრი იმისთვის, რომ მას გამოეწეროს მედიკამენტი.

ეს სისტემა ძალიან აქტიურად მუშაობს. 1-ელი აპრილიდან დღემდე, ელექტრონული სახით, 1 მილიონზე მეტი რეცეპტია გამოწერილი. ასევე, 11 აპრილიდან გამოწერილია ელექტრონული ფორმით 700 ათასზე მეტი ელექტრონული რეცეპტი და მათ შორის, 80%-ზე მეტია გენერიკული სახით.

აფთიაქები ვალდებულები არიან რეალიზაცია გააკეთონ ელექტრონულად. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ ხორციელდება კონკრეტული აფთიაქების შემოწმება. საქართველოს მასშტაბით შემოწმებულია 900-მდე აფთიაქი. 600-ზე მეტ აფთიაქში ელექტრონული რეცეპტით გაცემა არ ხდებოდა და ასეთი აფთიაქები დააჯარიმეს“, - განაცხადა ადამიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის