კრწანისის ტყეპარკში შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კრწანისის ტყეპარკში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს, ქარინ იამთინს და საქართველოში შვედეთის ელჩს, ულრიკ თიდესტრომს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ შვედეთის მთავრობას, სააგენტოს (SIDA) და ელჩს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ღონისძიების ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 5,5 მლნ ევროს შეადგენს, მიზნად ტყეების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცული ტერიტორიებისა და საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს. აღნიშნული პროექტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია და მისი განხორციელება ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ჩვენი მიზანია ქვეყანაში ბუნების დაცვითა და მდგრადი განვითარებით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ხელი შევუწყოთ და ამით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში წვლილი შევიტანოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ ევროკავშირის, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს. ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო ეფექტიანი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

SIDA-ს გენერალური დირექტორის, ქარინ იამთინსთქმით, საქართველოსა და შვედეთს შორის მრავალწლიანმა და მჭიდრო თანამშრომლობამ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები გამოიღო.

„ჩვენ საქართველოს ცირკულარ ეკონომიკაზე გადასვლას მხარს ვუჭერთ და აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე, ბიომრავალფეროვნების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისა და ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის მომზადება-განხორციელების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შედგენის მიმართულებით დახმარებას ვუწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, გაფართოვდება და ჩვენ ერთად კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევას შევძლებთ“, - განაცხადა ქარინ იამთინმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა შვედეთის მთავრობის და SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების და დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. საუბარი პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს შეეხო.

კრწანისის ტყეპარკში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, შვედეთის საელჩოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დონორი, განმახორციელებელი, საერთაშორისო და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე