სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აკადემიური წრის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი წარუდგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას კიდევ უფრო აძლიერებს და ქმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმის მასალები დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილესთან - ნათია სონღულაშვილთან ერთად, დღეს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს გააცნო. კოკა კაციტაძემ შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტის ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო უწყება იმ საქმეებთან მიმართებით, სადაც მოქალაქე სამართალდამცველებს ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში ედავება, დაზარალებულის სტატუსის არ მქონე პოტენციურ მსხვერპლს, სისხლის სამართლის საქმესთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის ჩართვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, ეფექტური, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა 2022 წლის ივლისიდან ამოქმედდება.

„სახალხო დამცველის აპარატის და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დღეს, ჩვენ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა, აკადემიური წრის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ. მათ ის კონკრეტული პრინციპები გავაცანით, რომელთა მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის განცხადების საფუძველზეც, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყება მოხდება, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და ამ მასალების გაცნობის საშუალება მიეცემათ. ეს კიდევ უფრო მეტად ღიას და გამჭვირვალეს გახდის საგამოძიებო პროცესს“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია მსხვერპლისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის კონკრეტული ვადები და წესები, ასევე, მისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცედურა.

„ეს გახლავთ იმგვარი მუხლები, სადაც პოტენციური ბრალდებული საჯარო სამსახურის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს, ასეთ დროს კიდევ უფრო დაბალია ნდობა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გახსნილობა, რომ ადამიანმა ირწმუნოს, არსებობს დამოუკიდებელი სტრუქტურა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც მის ფუნქციას სრული მოცულობით ასრულებს და იცავს, როგორც პოტენციური მსხვერპლის უფლებებს, ასევე საკანონმდებლო ნორმებს ზედმიწევნით“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

„დღეს ჩვენ გავეცანით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივას, სავარაუდო მსხვერპლის ინფორმირებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, თავისი პრეცედენტული სამართლით პრაქტიკულად იძლევა ვალდებულებას, რომ სავარაუდო მსხვერპლი თავიდანვე გაეცნოს და იყოს ინფორმირებული გარემოებებზე, იმ ფაქტობრივ კრიტერიუმებზე, რომელსაც შემდგომში საგამოძიებო სამსახური მტკიცებულების ძალას მიანიჭებს. რაც უფრო მეტი ინფორმირებული კომპონენტი იქნება ჩადებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრაქტიკაში, ეს იქნება სრულად შესაბამისობაში იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს და თვითონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც ითვალისწინებს“, - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დგებუაძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 14 ივნისს N967 შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაცია განმარტავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას უნდა მოხდეს დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მსხვერპლთა ინტერესების დაცვისა და მათი უფლებების გამოყენების მიზნით სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავად მსხვერპლისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესაბამისად კი, დანაშაულის მსხვერპლი იმ მოცულობით უნდა იყოს გამოძიების პროცესში ჩართული, რაც აუცილებელია მისი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა