ნუგზარ წიკლაური - დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ - ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, შეუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვის მცდელობაა და შედეგი ვერ ექნება - ჩვენ კონკრეტული გეგმით, კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალით მივალთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, თუ ოპოზიციის გეგმაზე ხელისუფლება უარს განაცხადებს, ნათელი გახდება, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რაღაც რუტინულ პროცესში შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმაა.

„ოპოზიცია წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს ხელისუფლების წინაშე და ეს წინადადებები იქნება მოტივირებული არა დროის გაწელვით, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ეს უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური დევნის დასრულება, სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლება და ახალი საარჩევნო კანონი. ეს არის ის, რაც ხელისუფლებას შეუძლია დღესვე გააკეთოს. ამაზე თუ უარი იქნება, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ ამოცანა არის რაღაც რუტინულ პროცესში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმა. პოლარიზაცია არის დასასრულებელი და პოლიტიკურ დევნასთან ერთად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციის გზაზე. მზად ვართ, დიალოგისთვის. ვაცხადებთ, რომ არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ, მათ შორის, ისეთ ოდიოზურ პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. ასევე არავინაა ისეთი მიამიტი, რომ ვერ გრძნობდეს, რა სურს ხელისუფლებას - რეალურად ნაბიჯების გადადგმა სურს, თუ უბრალოდ პროცესების ისე გაწელვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაბუნდოვანდეს და მიუღწეველი გახდეს“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების კონკრეტული გეგმა 1-ელ ივლისს წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას უზრუნველყოფს და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა