„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ საზეიმოდ დაიხურა

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზეიმოდ დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები დაესწრნენ.

კახა კალაძემ ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდულ პროექტებს მომავალშიც წაახალისებს.

„სასიამოვნოა, რომ ფესტივალში საქართველოს 34 უნივერსიტეტის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ალბათ იცით, რომ 2022 წელი ევროკავშირმა ახალგაზრდების წლად გამოაცხადა. შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიების სლოგანია - „ახალგაზრდები ევროპისკენ“. რა თქმა უნდა, ევროპა არის ის მთავარი, რომლის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული თითოეული ჩვენგანი. ჩვენი მისწრაფება, ყოველდღიური ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა, გისურვოთ წარმატებები. იყავით დარწმუნებული, რომ დედაქალაქის მერია, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ საინტერესო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. იაქტიურეთ, წარმოადგინეთ სხვადასხვა პროექტი, რომლის განხორციელებასაც ერთად შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ და კულტურის მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები გამოვლინდნენ. ასევე, ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა გაიმართა.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სპორტის 15 სახეობაში ტურნირები და კულტურული მიმართულების ტურები ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.

ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო